ახალი ამბები

„ვერ მივხვდი, სასკანდალო რა არის“ – აბაშიძე მისი და კარასინის საუბრის ჩანაწერზე

1 თებერვალი, 2023 • 992
„ვერ მივხვდი, სასკანდალო რა არის“ – აბაშიძე მისი და კარასინის საუბრის ჩანაწერზე

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ „კიბერ კმარას“ მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერი მასსა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინს შორის ავთენტურია.

აბაშიძის თქმით, ჩანაწერი ორჯერ მოისმინა, მაგრამ ვერ მიხვდა, „სასკანდალო რა არის“.

როგორც აბაშიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეუბნება, საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. იგი განმარტავს, რომ ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო თვალსაზრისით რთული ვითარება შეიქმნა.

აბაშიძის თქმით, საუბარი წინა წლის ივნისით თარიღდება – „მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო“.

როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატით – „ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა“.

„ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი. და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აცხადებს იგი.

პირველ თებერვალს „კიბერ კმარამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც, მათი ცნობით, აბაშიძე და კარასინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი