ახალი ამბები

ბრეგაძე: „პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით“

1 თებერვალი, 2023 • 628
ბრეგაძე: „პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო და სხვა უწყებები ყველაფერს აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას პაციენტის თვითდაზიანებაზე.

მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის მოთხოვნა „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება“.

„პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს <…> რაც გულისხმობს იმას, რომ მისი რეანიმაციაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს“, – თქვა მინისტრმა.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილისა და მისი დაცვის არაერთი უარი სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარებაზე „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად“.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ სახელმწიფო უწყებები პატიმრის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, მაგრამ ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მის თვითდაზიანებაზე. ბრეგაძემ გაახმიანა მოწოდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი