ახალი ამბები

TI-ის “კორუფციის აღქმის ინდექსში” საქართველო 41-ე ადგილზეა

31 იანვარი, 2023 • 1019
TI-ის “კორუფციის აღქმის ინდექსში” საქართველო 41-ე ადგილზეა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“(2022) მიხედვით, რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს შედეგი 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც “სტაგნაციაზე” მიანიშნებს.

ინდექსის მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია.

წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა, 2012 წელს კი საქართველო 52 ქულით შეაფასეს. 2012 წლიდან დღემდე პერიოდში ყველაზე მაღალი შეფასება(58 ქულა) ქვეყანას 2018 წელს ჰქონდა.

“მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს”.

“რეიტინგში საქართველოს შედეგი ძირითადად განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა, ამავდროულად, კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა”, — დასძენს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.

საქართველოს შედეგების ცვლილება 2012 წლიდან დღემდე. წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

ორგანიზაციის სიტყვებით, უფრო მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება:

“მიუხედავად იმისა, რომ 56 ქულით საქართველო რეგიონში ლიდერია, ეს წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრით არის განპირობებული;

ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ახსენებს მის მიერ ბოლო წლებში გამოვლენილ “სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევას”, რომლებიც გამოუძიებელი რჩება.

“ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში.

ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა შესაძლოა რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული”, — ვკითხულობთ ანალიზში.

“კორუფიის აღქმნის ინდექსი” 2022. წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ახსენებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელთა შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაც არის. ორგანიზაციის შეფასებით, სააგენტოს მოდელი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა შემოთავაზებული, ნაკლოვანია, რადგან “ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას”.

ინდექსის მიხედვით, თავისი შედეგით საქართველო უსწრებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, პოლონეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, საბერძნეთსა და რუმინეთს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” რეკომენდაციები:

“ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2023 წელი უნდა გამოიყენოს 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული თითოეული რეფორმის ზედმიწევნით შესასრულებლად.

აუცილებელია:

  • დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
  • გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი, პარლამენტის როლი;
  • საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უსაფრთხო გარემოში თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია;
  • განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს”.

საქართველოს მეზობელ სომხეთს ინდექსში 46 ქულა აქვს, აზერბაიჯანს — 23, თურქეთს — 36, რუსეთს — 28.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ხაზს უსვამს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნდება, თუმცა, მონაცემების შედარება მხოლოდ 2012-დან მოყოლებული არის შესაძლებელი მეთოდოლოგიის ცვლილების გამო.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი