ახალი ამბები

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამგარმა გენერალმა მილიარდერი დაამარცხა

28 იანვარი, 2023 • 1124
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადამგარმა გენერალმა მილიარდერი დაამარცხა

წინასწარი მონაცემებით, ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არმიის გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.

ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მილიარდერი ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პაველს გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც საარჩევნო ოლქების 88% იქნა დათვლილი და პაველმა — ხმების დაახლოებით 57%, ბაბიშმა კი 43% მიიღო.

დამოუკიდებელი კანდიდატი პეტრ პაველი 61 წლის გადამდგარი გენერალია, რომელმაც ჩეხეთის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ბიზნესმაგნატი ბაბიში ჩეხეთის პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. „როიტერსის“ თანახმად, ბაბიშმა საარჩევნო კამპანია ააგო უკრაინის ომის გავრცელების შიშზე, თითქოს პაველს, როგორც ყოფილ ჯარისკაცს, შეეძლო ჩეხების ომში ჩათრევა.

ბაბიშს მხარს უჭერდა მიმავალი პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მხარს უჭერდა ჩეხეთის უფრო მჭიდრო კავშირებს პეკინთან და — სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა — მოსკოვთან.

პეტრ პაველს საპრაზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქართულ-ჩეხური ურთიერთობების გაღრმავებაზე“, — დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

ჩეხეთი არის უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელშიც პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, აღმასრულებელ ხელისუფლებას კი ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, რომელიც პარლამენტს ექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი