ახალი ამბები

მერაბიშვილი: სკამისა და არჩევნების გამო არ შეიძლება ყველაფერი იკადრო

28 იანვარი, 2023 • 1259
მერაბიშვილი: სკამისა და არჩევნების გამო არ შეიძლება ყველაფერი იკადრო

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილი ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან მას თანამშრომლობას ისინი აბრალებენ, ვისაც ბიოგრაფია სავსე აქვს „ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით“.

ამ სიტყვებით მერაბიშვილი გამოეხმაურა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც ეხება მის ურთიერთობას რუსეთთან.

მერაბიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „წარსულში შეცდომები დაუშვია“, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაჰქცევია.

„სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი,“ – წერს ის.

მერაბიშვილი დასძენს, რომ უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.

„სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!,“ – წერს მერაბიშვილი ფეისბუკზე.

დღეს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან. ამ ინტერვიუში სააკაშვილი რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის ამბობს, რომ არაა გამორიცხული ისიც, რომ ადამიანები, ვინც მის დაბრუნებას გეგმავდა რუსეთის აგენტები ყოფილიყვნენ.

სააკაშვილის თქმითვე, ის ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მაშინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არ გაათავისუფლა.


„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ბრძოლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეებისთვის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

„იდენტობის კრიზისი“ და ბრძოლა გავლენებისთვის სააკაშვილის გარეშე დარჩენილ ენმ-ში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი