ახალი ამბებიკომენტარი

დამარცხებული ფლანგი დიდი ალბათობით ენმ-ს დატოვებს – კაჭკაჭიშვილი

27 იანვარი, 2023 • 2158
დამარცხებული ფლანგი დიდი ალბათობით ენმ-ს დატოვებს – კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ის პროცესი, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, პარტიას აზიანებს.

როგორც მან ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას ნეტგაზეთთან აღნიშნა, ახლა პარტიაში მიდის არა შინაარსობრივი დაპირისპირება, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

„რასაკვირველია, ფასეულობით დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. ამ სიძლიერეს თავისი უპირატესობები აქვს, რისი კონვერტირებაც შესაძლებელია პოლიტიკურ ძალაუფლებაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ ძირითადად დავა მიმდინარეობს არა რაიმე ღირებულებების გარშემო, არამედ იმის შესახებ – ვინ უფრო მეტად ერთგულია მიხეილ სააკაშვილის, ვის უფრო მეტი გადაცდომები აქვს პარტიის შიგნით, ვის უფრო მეტი წყურვილი აქვს ძალაუფლების და ა.შ. აი, ასეთ საკითხებზე მიდის დავა. არავითარი შინაარსობრივი დაპირისპირება არაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს გარედან“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ანალიტიკოსის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ არჩევნების შემდეგ ენმ გაიყოს, რაც ცუდი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ძლიერებისთვის.

„შეიძლება ითქვას, რომ პარტიის ხელმძღვანელობა ორად არის გაყოფილი. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელიმე მხარის გამარჯვება დიდი ალბათობით გამოიწვევს მეორე მხარის პარტიიდან გასვლას. ეს მეორე მხარე დიდი ალბათობით თან გაიყოლებს ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს. რასაკვირველია, ეს დაასუსტებს პარტიას“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

თუმცა, მისი თქმით, ამას შეიძლება პოზიტიური შედეგი ჰქონდეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ამ ვითარებით ისარგებლოს ზოგადად ოპოზიციურმა ფლანგმა.

„თუ დავაკვირდებით, ბოლო არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ითქვას, ფონს გადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით. ენმ პატარა ოპოზიციურ პარტიებს ყოველთვის უტოვებდა ცდუნებას, რომ ისინი შესულიყვნენ მის ორბიტაზე და ასე მოეპოვებინათ ადგილები პარლამენტში.

სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეიძლება დაიწყონ ავტონომიური თამაში და საკუთარ თავს ხელი უფრო მძლავრად ჩასჭიდონ. იფიქრონ გაძლიერებაზე, არა „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით, არამედ სხვა გზებით. მით უფრო, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნიშა ჯერ კიდევ საკმაოდ ფართოა, როგორც ამას გამოკითხვები აჩვენებს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გააჯანსაღოს ოპოზიციური ველი“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ანალიტიკოსი აზრით, იმას, თუ რამდენად შეიძლება დაზიანდეს პარტია, განსაზღვრავს ისიც, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. მისი თქმით, თუ მერაბიშვილის ფლანგი გამარჯვებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

„იმიტომ, რომ საზოგადოებაში მერაბიშვილის ლეგიტიმაცია მაღალი ნამდვილად არ არის. მერაბიშვილი არ არის სააკაშვილი. სააკაშვილს აქვს საერთაშორისო რეპუტაცია, მერაბიშვილს – არა. სააკაშვილი არის საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი, რასაც მერაბიშვილზე ვერ ვიტყვით. მერაბიშვილი, როგორც ლოკალური მასშტაბის პოლიტიკოსი, ყოველთვის ასოცირდება იმ საბედისწერო შეცდომებთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდენია. მას არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა მერაბიშვილის ხელში, ამით ის კიდევ უფრო მეტად გაკოტრდება“, – აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, პოლიტიკურ ავანსცენაზე მისი „სპარინგ-პარტნიორის“ დასუსტება „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს, თუმცა, მეორე მხრივ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდება და სხვა ოპოზიციური პარტიები გაძლიერდებიან, ეს  ხელს არ უნდა  აძლევდეს„ქართულ ოცნებას“.

„თუ ენმ დასუსტდება და სხვა ოპოზიციური პარტიები გაძლიერდებიან, ეს მაინცდამაინც არ უნდა აწყობდეს „ქართულ ოცნებას“. „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ყოველთვის საფრთხობელა იყო, რომლითაც ამომრჩეველთა ხმებს იწოვდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ყველაზე არასასურველი პოლიტიკური ძალა ყველა გამოკითხვით და ამას ძალიან კარგად იყენებდა „ქართული ოცნება“.

ამიტომ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერების წყარო მოაკლდება, – „ჩემთან მოდი იმიტომ, რომ არ გინდა „ნაციონალური მოძრაობა, თუ ჩემთან არ მოხვალ, „ნაციონალური მოძრაობა მოვა სათავეში“, – ეს პარადიგმა აქამდე მოქმედებდა. ახლა თუ ეს გზავნილი უსარგებლო იქნება, ეს ცუდია „ქართული ოცნებისთვის“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.


„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

ბრძოლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეებისთვის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ენმ-ის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები პარტიას გააძლიერებს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი პარტიის მორიგი გაყოფით დასრულდეს, რასაც თავის გავლენა ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრზეც ექნება.

„იდენტობის კრიზისი“ და ბრძოლა გავლენებისთვის სააკაშვილის გარეშე დარჩენილ ენმ-ში

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი