„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 27 იანვარს, 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელსაც, მისი თქმით, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.
ხაბეიშვილის თქმით, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან, ქვეყნის კი რუსული გავლენებისგან გათავისუფლება მოხდეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი უნდა იყოს. ამისთვის კი, ხაბეიშვილის თქმით, 12 პუნქტისგან შემდგარი გეგმა აქვს შემუშავებული.
ხაბეიშვილის თქმით, პირველი ნაბიჯი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამასთან, თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, შეიქმნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი:
„კონსულტაციების შედეგად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში აქტიურად და გამოიყენებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით ენმ-ის ყველა რესურსს, მათ შორის, ფინანსურს“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, მეორე პუნქტი გულისხმობს პარტიაში რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც მოხდება ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და პარტიის გენერალურ მდივანთან სრულფასოვანი სტრუქტურა ჩამოყალიბდება. ხაბეიშვილის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კვლავ პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.
ამასთან, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მოხდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლება-გაძლიერება:
„რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციები და ეს მოხდება პირველივე ას დღეში. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახალ გეგმას“ ,- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, გაძლიერდება პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც გაიხსნება პოლიტიკური სკოლა.
ხაბეიშვილის თქმით, გეგმის მეხუთე პუნქტი რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვას უკავშირდება. ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს რაიონული კონფერენციები აირჩევენ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ყველაზე მეტი წარმომადგენელი რაიონულ საკრებულოებში, რომელთა ბაზაზე აპირებენ, ჩამოაყალიბონ ადგილობრივი თვითმმართველობების კონგრესი. მისი თქმით, კონგრესში კარი ღია იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, ვისაც სურს ჩაერთოს რეგიონული განვითარების პროექტების შემუშავებაში.
ხაბეიშვილის თქმით, მარტში პარტიამ პოლიტიკური საბჭოს წევრები უნდა აირჩიოს. პოლიტიკოსის თქმით, საბჭო უნდა იყოს მოქმედი, იღებდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ლიდერები ცვლილებების შესახებ ბრიფინგებიდან არ უნდა იგებდნენ.
„ასევე, ნაციონალურ მოძრაობაში უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ენმ-ის ქალ ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად 100-დღიან სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იყვნენ ქალები ჩართული პარტიულ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილის თქმით, ემიგრანტებთან დაკავშირებით მის გუნდს მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტები აქვთ დაგეგმილი. ხაბეიშვილის თქმით, მოხდება ენმ-ის მხარდამჭერი ემიგრანტების აღრიცხვა. მისი თქმით, ამ ადამიანებს ენმ-ის პოლიტსაბჭოშიც უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი და სიის შედგენისას უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საპარლამენტო სიაში წარმოდგენილები იყვნენ.
„ასევე, ჩამოყალიბდება ენმ-სთან სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული და მასში გაერთიანდებიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები, რომელ გუნდთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები შევთავაზოთ საზოგადოებას.
გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება ასევე მნიშვნელოვანი პუნქტია. დაბოლოს, ენმ-ის ყრილობა, სადაც საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებებს, რომელიც პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 28-30 იანვარს ონლაინ ფორმატში იმართება.