ახალი ამბებიკომენტარი

ის პროცესი რაც დღეს ენმ-ში მიდის, “ოცნებაში” ვერ წარმომიდგენია – ლევან ცუცქირიძე

27 იანვარი, 2023 • 1723
ის პროცესი რაც დღეს ენმ-ში მიდის, “ოცნებაში” ვერ წარმომიდგენია – ლევან ცუცქირიძე

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საკუთარი თავის გადარჩენაა.

ენმ-ში მიმდინარე შიდაპარტიული არჩევნების შესახებ მან ნეტგაზეთთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პროცესს, რაც ახლა ენმ-ში მიმდინარეობს, ბევრი ხარვეზი აქვს, თუმცა ბევრად უკეთესია, ვიდრე  ის, რომ ადამიანთა ვიწრო წრეს გადაეწყვიტა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე.

„ზოგადად, შიდაპარტიული დემოკრატია აძლიერებს პოლიტიკურ პარტიებს. იმ პროცესს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ „ნაციონალურ მოძრაობაში”, ბევრად უკეთესია, ვიდრე ბევრი იმ სხვა პარტიის შემთხვევაში იქნება, რომლებიც დღეს ენმ-ს აქილიკებენ. „ქართულ ოცნებაში“ მე მსგავსი პროცესი ვერ წარმომიდგენია, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაკარგვიდან 11 წლის შემდეგ.

შეიძლება ეს პროცესი უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ კარგია ის, რომ არსებობს კონკურენცია, კანდიდატები გამოდიან და საპროგრამო საკითხებზე მსჯელობენ. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც შედეგები უკვე გადაწყვეტილია და არჩევნები უბრალოდ ფარსია, არამედ რეალური კონკურენციაა“, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძის აზრით, შიდაპარტიული არჩევნებიდან ენმ შეიძლება გაძლიერებულიც გამოვიდეს და დასუსტებულიც. მისი თქმით, თუ შიდაპარტიული დემოკრატია იმდაგვარად განვითარდება, რომ პარტია განსხვავებულ აზრს დაიტევს, მაშინ, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებს.

„მაგრამ თუ იქნება შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, ეს პარტიას დაასუსტებს. ორივე მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, გააჩნია, როგორ მოიქცევა გამარჯვებული და როგორ მოიქცევა დამარცხებულიც. ვნახოთ, როგორი პოლიტიკური კლასის ჩვენება შეუძლიათ“, – აღნიშნავს ლევან ცუცქირიძე.

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა რომელიმე კანდიდატის უკან იდგნენ სხვა გავლენიანი ფიგურები, ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს არის პარტიის მხარდამჭერთა გადასწყვეტი, თუმცა, თუ საუბარი რეპუტაციული ზიანის მქონე ადამიანებზეა, მაშინ ეს პარტიისთვის პრობლემა იქნება.

„ეს იქნება იმ ამომრჩევლების გადასწყვეტი, რომლებიც ამა თუ იმ კანდიდატს მისცემენ ხმას. თუკი ისინი ჩათვლიან იმას, რომ უნდა აირჩიონ კანდიდატი, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, სხვები დგანან… ყველას უკან ვიღაც დგას და სხვა დემოკრატიებში ჩვენ შეიძლება ვნახოთ ძალიან მდიდარი, გავლენიანი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკოსს უჭერენ მხარს.

ის, რომ ვიღაცა ვიღაცას მხარს უჭერს, ეს თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს რეპუტაციული ზიანის მქონე ხალხია, მაგრამ ეს უპირველესად პარტიის წევრების არჩევანია“, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძის თქმით, დღეს ენმ-ის უპირველესი ამოცანა არის შიდა ერთიანობის შენარჩუნება და საკუთარი წევრების გადინების შეჩერება, ამის მერე კი სხვა ამომრჩეველის მოზიდვაზე ფიქრია.

„მიუხედავად იმისა, რომ ენმ დღეს სახარბიელო ვითარებაში არაა, დღეისათვის ის მაინც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად რჩება მხარდამჭერების და წევრების რაოდენობით, გამოცდილებით და ა.შ. ამიტომ უპირველესი სიტყვა აქ ეთქმით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ენმ-ის მთავარი ამოცანა დღეს ის კი არ არის, სხვა პარტიები რას იტყვიან მასზე, ან სხვა პარტიები როგორ ითანამშრომლებენ მასთან, მისი მთავარი ამოცანა საკუთარი თავის გადარჩენაა – წევრების მობილიზაცია,  სტრატეგიის შემუშავება და ახალი პოლიტიკური ენის პოვნა. ეს არის პირველი რიგის ამოცანა. მეორე, მესამე და მეოთხე რიგის ამოცანები უკვე გარე აქტორებთან ურთიერთობაა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჯერ შიდაპარტიულად უნდა დალაგდეს სიტუაცია“, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.


„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.  ხმის მიცემის პროცესი 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

ბრძოლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეებისთვის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ენმ-ის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები პარტიას გააძლიერებს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი  არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი პარტიის მორიგი გაყოფით დასრულდეს, რასაც გავლენა ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრზეც ექნება.

ვრცლად ამ თემაზე

„იდენტობის კრიზისი“ და ბრძოლა გავლენებისთვის სააკაშვილის გარეშე დარჩენილ ენმ-ში

მასალების გადაბეჭდვის წესი