ახალი ამბები

„კეზერაშვილმა, საქართველოში დაბრუნება მინდა, პოლიტიკა-ბიზნესი არ მაინტერესებსო“ — ნაყოფია

27 იანვარი, 2023 • 1044
„კეზერაშვილმა, საქართველოში დაბრუნება მინდა, პოლიტიკა-ბიზნესი არ მაინტერესებსო“ — ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ტვ „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს 11 წლის შემდეგ პირველად შეხვდა. ნაყოფიას თქმით, საუბარი შეეხებოდა ენმ-ში მიმდინარე პროცესებსა და თავად კეზერაშვილის სამომავლო გეგმებს. მისივე ცნობით, შეხვედრა დეკემბერ-იანვარში გაიმართა.

“ჩემსა და დავით კეზერაშვილს შორის შედგა შეხვედრა… იყვნენ შუამავლები, ვინც ჩათვალა, რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ, საუბარი იყო პარტიის მომავალზე”, — თქვა ნაყოფიამ 26 იანვარს „ღამის მთავარში“.

როგორც ნაყოფია აღნიშნავს, შეხვედრის მიზანი იყო იმის შესახებ საუბარი, რომ ბრძოლა წარიმართოს იმგვარად, რომ მთავარი ბრძოლა არ დაზიანდეს, რაც გულისხმობს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

„იდეა იყო, პარტიის სამომავლო ინტერესებისთვის ყველა მხარე დავსვათ მოლაპარაკებების მაგიდასთან“ ,— აღნიშნა ნაყოფიამ. მან იგულისხმა ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი, რომელთა ბრძოლა თავმჯდომარეობისთვის პერიოდულად არის გაჯერებული ურთიერთბრალდებებითა და შეურაცხყოფით.

ცნობილია, რომ კობა ნაყოფია არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი — ლევან ხაბეიშვილს.

„მე ვკითხე მას [კეზერაშვილს], რა მიზნები ამოძრავებს, რა გინდა. სხვათა შორის, ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი მივიღე: მინდა დავბრუნდე საქართველოში. პოლიტიკა არ მაინტერესებს.

პოლიტიკა აინტერესებს, ალბათ, დაბრუნებამდე. დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ბიზნესი, მინდა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე და ვიცხოვროო. ეს იყო პასუხი. რომ ვკითხე, ახლა რა გინდა-მეთქი, ქვეყანაში ვითარების შეცვლა მინდაო“, — თქვა კობა ნაყოფიამ.

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ სხვა შეხვედრა არ ყოფილა და „თუ ვითარება მოითხოვს და ამის საჭიროება დადგა, შეიძლება შედგეს.“

ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები 28-30 იანვარს ონლაინ იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი