ახალი ამბები

ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ დრონების სატესტო ჩვენება გაიმართა

27 იანვარი, 2023 • 954
ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ დრონების სატესტო ჩვენება გაიმართა

ქართულ-პოლონური საწარმოს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სატესტო ჩვენება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს“ მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – “კრწანისის” სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად.

“სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.

WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

შპს „დელტა-ვებე“ საქართველოში დაფუძნდა „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. მთავრობის ცნობით, საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია უზრუნველყოფს WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი