ახალი ამბები

კიევმა დაადასტურა, რომ ვერ ხედავს საფრთხეს საქართველოში თავისი მოქალაქეების ყოფნაზე — თბილისი

25 იანვარი, 2023 • 997
კიევმა დაადასტურა, რომ ვერ ხედავს საფრთხეს საქართველოში თავისი მოქალაქეების ყოფნაზე — თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საგარეო უწყებაში დაადასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. როგორც თბილისში ამბობენ, საკითხზე ისაუბრეს უკრაინაში საქართველოს ელჩსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრისას.

საგარეო უწყების ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის კომენტარი. მან უკრაინულ მედიას უთხრა, რომ უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოგვიანებით, ოფიციალურმა თბილისმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევჰენ პერებიინისს შეხვდა.

“შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თანახმად, უკრაინამ საქართველოს მადლობა გადაუხადა როგორც “პოლიტიკური მხარდაჭერის”, ისე ომის პერიოდში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

“მათ შორის, უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს”, — დასძენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რა მოხდა მანამდე

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს უკავშირდება.

თუმცა გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანდრეი კასიანოვმა თქვა:

“პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს, მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი