ახალი ამბები

აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს გადასცემს — მედია

25 იანვარი, 2023 • 781
აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს გადასცემს — მედია

ამერიკული მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინაში ამერიკული წარმოების Abrams-ები გაგზავნოს.

CNN ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, უხლოეს დღეებში გაკეთდეს განცხადება დაახლოებით 30 ტანკის გაგზავნის შესახებ.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ტანკების რეალური მიწოდების დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია და, როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება ჯარების მომზადებას ტანკების ეფექტურად გამოყენებისთვის.

აშშ ასევე გეგმავს მცირე რაოდენობის სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების გაგზავნას. ისინი ბრძოლის ველზე გამოიყენება ტანკების შეკეთებაში ან ბრძოლის ველიდან გაყვანისთვის.

გერმანიამ გასულ კვირას მიანიშნა შეერთებულ შტატებს, რომ არ გადასცემს „ლეოპარდის“ ტანკებს უკრაინას, თუ აშშ-ც ასევე არ დასთანხმდება M1 Abrams ტანკების გაგზავნას. M1 Abrams წარმოადგენს აშშ-ის არმიის ძირითად საბრძოლო ტანკს.

საბოლოოდ, გერმანია დაეთანხმა უკრაინისთვის „ლეოპარდ 2-ის“ ტანკების გადაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი