ახალი ამბები

„ალბათ წამოცდენას უნდა მივაწეროთ“ — სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე

24 იანვარი, 2023 • 791
„ალბათ წამოცდენას უნდა მივაწეროთ“ — სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება „წამოცდენას უნდა მივაწეროთ“.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის აუხსნელია, თუ რატომ ხელმძღვანელობს უკრაინელი დიპლომატი „ორმაგი სტანდარტებით“ იმ ფონზე, როცა სარჯველაძის თქმით, რიგ ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი ფრენებიც აქვთ და სხვაგვარი ურთიერთობებიც, უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოება კი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება:

„ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც ალბათ წამოცდენას უნდა მივაწეროთ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით, ამგვარი დამოკიდებულებებით ოპერირება, საუბარი და მითითება თუნდაც ისეთ გარემოებებზე, რომელიც იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებზე, სადაც ფრენებიც არის, მიმდინარეობს ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან და მიუხედავად ამისა არცერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს არ უჩნდებოდეს გარკვეული რისკების აღქმა მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით“, – აცხადებს დეპუტატი.


უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. ამის შესახებ “ევროპეისკა პრავდასთან” ინტერვიუში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებიმა შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

“პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს, მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციისთვის”, – განაცხადა კასიანოვმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთაშორისი კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების განახლებას“, — განაცხადა ლავროვმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა უკავშირდება საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი