ახალი ამბები

„გაათავისუფლეთ ლეოპარდები“ — უკრაინელების აქცია გერმანიის საელჩოსთან

24 იანვარი, 2023 • 2204
„გაათავისუფლეთ ლეოპარდები“ — უკრაინელების აქცია გერმანიის საელჩოსთან

საქართველოში მყოფი უკრაინელი აქტივისტები, ხვალ, 25 იანვარს, გერმანიიის საელჩოსთან აქციას გამართავენ და უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას მოითხოვენ.

ამით საქართველოში მყოფი უკრაინელი აქტივისტები უერთდებიან საპროტესტო ტალღას #freeTheleopards-ს (გაათავისუფლეთ ლეოპარდები)  და მოუწოდებენ ყველას, ვინც გულგრილი არ არის, შეუერთდეს და მივიდეს გერმანიის საელჩოსთან.

„დახატეთ პლაკატები, აიღეთ უკრაინის დროშები. ჩვენი ვალია გავაკეთოთ ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი, რათა ფრონტზე უკრაინის დამცველებს საქმე გაუმარტივდეთ“, — ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

რა არის „ლეოპარდ 2“ და რატომ სჭირდება უკრაინას

„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია. ის საკუთარი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

The Guardian-ის თანახმად, გერმანიის გარდა, „ლეოპარდ 2-ის“ ტანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალში ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს მის რეექსპორტს. მაგალითად, არ მისცეს ამის უფლება პოლონეთს, რომელსაც უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა სურს.

გამოცემის მიხედვით, კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს. გამოცემის თანახმად, უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა.

უკრაინა და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.

„ლეოპარდ 2“ ფართოდ ხელმისაწვდომია, რის გამოც უკრაინისთვის ხელსაყრელია. მაგალითად, აღნიშნული ტანკები აქვს პოლონეთსაც, რომლის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გერმანიის გადაწყვეტილების მიუხედავად განიხილავდნენ.

მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი