ახალი ამბები

უნივერსიტეტის კანცლერი პოსტის დატოვების მიზეზად კულტურის სამინისტროს ულტიმატუმს ასახელებს

24 იანვარი, 2023 • 826
უნივერსიტეტის კანცლერი პოსტის დატოვების მიზეზად კულტურის სამინისტროს ულტიმატუმს ასახელებს

კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი კანცლერის, რუსუდან თევზაძის თქმით, თანამდებობის დატოვება კულტურის სამინისტროს ულტიმატუმის გამო მოუწია: ის ან უნდა წამოსულიყო, ან უნივერსიტეტს ბიუჯეტს არ გაუზრდიდნენ.

თევზაძე ყვება, რომ კულუარულად და მინიშნებებით თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოუწოდებდნენ, თანამდებობა დაეთმო. ამას უარყოფს კულტურის სამინისტრო.

რას ყვება თევზაძე

რუსუდან თევზაძეს სამართლებრივ ბრძოლაში ეხმარება ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ [ISFED].  დღეს, 24 იანვარს, მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე თევზაძემ, რომელიც გიორგი გახარიას პარტია  „საქართველოსთვის“ წევრია, თქვა, რომ კანცლერად (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) წარმომადგენლობითმა საბჭომ 2017 წელს აირჩია. თანამდებობას 6 წლის განმავლობაში იკავებდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად.

„ვინაიდან ჩემი პოზიცია გახლდათ არჩევითი, ნაკლებად თუ მოიძებნებოდა რაღაც ტიპის მექანიზმები, რომელიც კულტურის სამინისტროს ჩემი გათავისუფლების საშუალებას მისცემდა. შესაბამისად, ის გათავისუფლების ალტერნატიულ მექანიზმს ეძებდა. ძალიან უხერხულია, მაგრამ, ფაქტობრივად, ასე იყო — მან ბიუჯეტით დაიწყო ვაჭრობა. მოგეხსენებათ, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიუჯეტი დეფიციტურ ბიუჯეტს წარმოადგენს, ასევე, ბუნებრივია, თანამდებობიდან გამომდინარე, მე ვალდებული ვიყავი მეზრუნა უნივერსიტეტის განვითარებაზე. ჯერ კიდევ 2021 წლის მიწურულს გავაგზავნე ე.წ. ჭერსზემოთ ბიუჯეტი 2023 წლისთვის, რათა უკეთ განვითარებულიყო უნივერსიტეტი —  სწავლა-სწავლების პროცესი, ხელი შეგვეწყო პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა.

თუმცა მოხდა ის, რისი მოლოდინიც მქონდა კიდეც: უნივერსიტეტს 2023 წლის ბიუჯეტი არ მოუმატეს და სამინისტროსგან 2022 წლის მოუმატებელი, ძველი ბიუჯეტი გამოიგზავნა. და აქ დადგა ის მნიშვნელოვანი გარემოება, დაიწყო „გაცხოველებული ვაჭრობა“ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ თევზაძე რუსუდანი დატოვებდა ამ პოზიციას, წავიდოდა თანამდებობიდან, მაშინ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კულტურის სამინისტროსგან მომატებულ ბიუჯეტს მიიღებდა, რომელიც ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისთვის“, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.

თევზაძემ ბრიფინგისას განმარტა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ არაერთმა ადამიანმა უთხრა, თუმცა ეს ხდებოდა სიტყვიერად და არასდროს — წერილობით. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი მის მიმართ „იყო არასასურველი გამოხმაურებები, სამინისტროს კი არჩეული ჰქონდა იგნორირების პოზიცია. არცერთ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში იმართებოდა, მე არ ვიყავი მიწვეული, არადა, ხშირ შემთხვევაში, ვალდებული ვიყავი, რომ ვყოფილიყავი იქ,“

ამასთანავე, რუსუდან თევზაძე ამბობს, რომ რექტორი პირდაპირ კავშირზე იყო სამინისტროსა და მინისტრთან და „რექტორთან ჩემი არაერთი სამუშაო შეხვედრა, პრაქტიკულად ყოველი მეორე შეხვედრა, სრულდებოდა იმ მინიშნებით, რომ მე ვიყავი პოლიტიკური ფაქტორი ბიუჯეტის მომატებასთან დაკავშირებით. ანუ ერთგვარი ბარიერი და როგორღაც უნდა მიმეღო მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილება“.

„კულმინაციური მომენტი დადგა 21 დეკემბერს, როდესაც წლის ბოლოს სამუშაო შეხვედრა უნდა შემდგარიყო სამინისტროში რექტორის, მინისტრისა და სამუშაო გუნდის. ამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მთხოვა რექტორმა, რომ მას შევხვედროდი. ბუნებრივია, მე მივედი. იქ ჩემი რამდენიმე კოლეგა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი დამხვდა, რომლებმაც მორიგჯერ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ, სამწუხაროდ, მე პოლიტიკური ფაქტორი ვიყავი. მითხრეს, რომ ნამდვილად განიცდიდნენ ამას, და ასევე, რომ თუ არ წავიდოდი ამ თანამდებობიდან, ბიუჯეტი არ გაიზრდებოდა.

საუბარი მიმდინარეობდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და, ბუნებრივია, მე ლეგიტიმური კითხვა დავსვი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ მე ახლა უნდა დაგაბაროთ, მინისტრთან მივდივარ თუ არ მივდივარ-მეთქი. რექტორმა მიპასუხა, რომ პრინციპში საქმე ასეა — „მე უნდა ვიცოდე შენი პოზიცია, მიდიხარ თუ არ მიდიხარ“.

ბუნებრივია, იმ მომენტში მკაფიო პასუხი არ მქონდა, დავტოვე ოთახი, გამოვედი, ბევრი ვიფიქრე და სამინისტროში შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, ვგულისხმობ, როდესაც რექტორი დაბრუნდა, ჩვენი საუბარი კვლავ შედგა. მოკლედ, საუბრის შემდეგ განცხადების დაწერა გადავწყვიტე სამუშაო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვერც ერთ შემთხვევაში უნივერსიტეტს, კოლეგებსა და, რაც მთავარია, სტუდენტებს, ვერ დავაყენებდი იმ რისკის ქვეშ, რომ ჩემ გამო სამინისტროს და ქალბატონ თეა წულუკიანს ბიუჯეტი არ მოემატებინა“, — თქვა რუსუდან თევზაძემ.

ბრიფინგის ბოლოს მან ასევე აღნიშნა, რომ პოზიციაზე აღდგენა არ სურს და მისთვის სამართლიანობა და ღირსების შენარჩუნება მთავარია.

ISFED-ის ჩართულობით რუსუდან თევზაძის საქმე სახალხო დამცველთან გაიგზავნება. როგორც ორგანიზაცია ამბობს, ასეთი შემთხვევებისთვის, ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად, სამართლებრივი რეაგირების ორი მექანიზმი არსებობს – ან სასამართლოში ჩივილი, ან სახალხო დამცველთან განაცხადის შეტანა.

ორგანიზაციის განმარტებით, მათ ისაუბრეს თავად რუსუდან თევზაძესთან, განიხილეს რისკები და რაკი მას თავად არ სურს პოზიციაზე აღდგენა, გადაწყვიტეს, რომ სახალხო დამცველს მიმართონ განცხადებით.

უნივერსიტეტისა და კულტურის სამინისტროს პასუხი

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი პირველი თებერვლიდან გიორგი ხარებავა იქნება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მისი დანიშვნა ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სამინისტროს არ წაუყენებია რუსუდან თევზაძისთვის ულტიმატუმი, დამატებითი დეტალებისთვის კი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გადაგვამისამართეს.

რაც შეეხება უნივვერსიტეტს, წერილობით კითხვებზე, კერძოდ, რამდენად ეთანხმებოდნენ რუსუდან თევზაძის მიერ მოყოლილ ულტიმატუმის ვერსიას და ასევე, იყო თუ არა რექტორის მხრიდან მინიშნებები თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და რომ ის იყო „პოლიტიკური ფაქტორი“, რექტორმა,  გიორგი შალუტაშვილმა გვითხრა:

„რაც შეეხება პირველ კითხვას ულტიმატუმის შესახებ, უნივერსიტეტს არ გააჩნია რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ მიმართოთ ქალბატონ რუსუდან თევზაძესა და სამინისტროს.

რაც შეეხება „პოლიტიკურ ფაქტორს“, წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა სწორედ აღნიშნული საკითხი და ამ შემთხვევაშიც საბჭოს ყველა წევრი ერთხმად დაეთანხმა, რომ „უნივერსიტეტში, პოლიტიკური ნიშნით არასდროს მომხდარა თანამშრომელთა დისკრიმინაცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი