ახალი ამბები

პირი მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას ჰპირდებოდა – პროკურატურა

24 იანვარი, 2023 • 572
პირი მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას ჰპირდებოდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელიც სტუდენტობის მსურველებს არწმუნებდა, რომ როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, შეეძლო ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაერიცხა უნივერსიტეტში. უწყების ცნობით, ამის სანაცვლოდ დაზარალებულებს 3000-5000 ლარს ართმევდა.

ამასთან, უნივერსიტეტში ჩარიცხვის გარდა, პროკურატურის განცხადებით, დაზარალებულებს ატყუებდა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად – დაახლოებით 7000-11000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.

“ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში, 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნული პირი 21 იანვარს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.