ახალი ამბები

აშშ უკრაინას კიდევ $2.5 მილიარდის შეიარაღებით დაეხმარება

20 იანვარი, 2023 • 899
აშშ უკრაინას კიდევ $2.5 მილიარდის შეიარაღებით დაეხმარება

აშშ-მა უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღებით დაეხმარება. ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა. აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით, დახმარების პაკეტი მოიცავს Stryker-ისა და Bradley-ს მარკის ჯავშანტექნიკას.

როგორც CNN წერს, პენტაგონის განცხადება გავრცელდა გერმანიაში საერთაშორისო კოალიციის შეხვედრის წინა დღეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე აშშ-მა უკრაინას 26,7 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.

პენტაგონის თქმით,  პაკეტი მოიცავს Stryker-ის ტიპის 90 ჯავშანტრანსპორტიორს და 59 ერთეულ Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს:

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიოსთვის მოწოდებას, რომ დაეხმარონ უკრაინას. ჩვენ მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან გასაოცარი სოლიდარობა ვიხილეთ. მივესალმებით, რომ 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბება, რათა უკრაინის დასახმარებლად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაიღონ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მისი თქმით, რუსეთს ამ ომის შეწყვეტა დღესვე შეუძლია, მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, აშშ უკრაინის გვერდით იდგება, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო.

CNN აცხადებს, რომ დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემის ჭურვებსა და შეიარაღების სხვა მარაგებს. გამოცემის თქმით, პაკეტში არ შედის M1 Abrams-ის ტიპის ტანკები. მანამდე რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის მის მიერ წარმოებული ტანკების გადაცემას არ გეგმავდა, თუ აშშ კიევს საკუთარ ტანკებს არ გადასცემდა. აშშ კი თავის მხრივ ამბობდა, რომ M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გამოყენებას ხანგრძლივი წვრთნა სჭირდება.

„გერმანიამ აშშ-ს აცნობა პირობა, რა შემთხვევაში გადასცემს უკრაინას ტანკებს” – Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი