ახალი ამბები

„გერმანიამ აშშ-ს აცნობა პირობა, რა შემთხვევაში გადასცემს უკრაინას ტანკებს” – Reuters

19 იანვარი, 2023 • 998
„გერმანიამ აშშ-ს აცნობა პირობა, რა შემთხვევაში გადასცემს უკრაინას ტანკებს” – Reuters

გერმანია უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკებს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ამერიკის შეერთებული შტატებიც ამავეს მოიმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ გერმანიის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ ბერლინს „ლეოპარდის“ სახეობის ტანკებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება აქვს. „როიტერსის“ წყაროს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნული წინადადება რამდენჯერმე წამოაყენა.

„როიტერსის“ თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გამოცემამ ჯო ბაიდენის პრესსპიკერს დაუსვა, რომელმაც განაცხადა, რომ „პრეზიდენტის აზრით, ყველა ქვეყანამ საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის დასახმარებლად და რა სახის შეიარაღებას გადასცემს კიევს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში უკრაინისთვის დამატებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების გაწევას გეგმავს, რომელიც დიდი ალბათობით ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას შეეხება, თუმცა პაკეტში არ იქნება ამერიკული წარმოების მესამე თაობის საბრძოლო ტანკები. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, M1 Abra ms-ის ტანკები ძვირია და მისი გამოყენებისთვის კომპლექსური და ხანგრძლივი წვრთნაა საჭირო.

„როიტერსის“ თქმით, უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას აშშ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გააკეთებს. პარასკევს გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე დაგეგმილია ათობით ქვეყნის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი