უკრაინის ქალაქ დნიპროს დაბომბვის შემდეგ, რუსეთის არაერთ ქალაქში, ცნობილი უკრაინელი მოღვაწეების მონუმენტებთან, ყვავილები, სანთლები და სათამაშოები გამოჩნდა. ამ ფორმით ზოგიერთი რუსი პატივს მიაგებს თავისი სახელმწიფოს აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
უკრაინის თანახმად, 14 იანვარს რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვას 45 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ექვსი ბავშვია. მომხდართან დაკავშირებით რუსეთი პასუხისმგებლობას უარყოფს და ამბობს, რომ საცხოვრებელ ობიექტებს არ ბომბავს.
იმ ფონზე, როცა რუსეთში ომის საწინააღმდეგო ნებისმიერი საჯარო აქტივობა დაპატიმრების რისკებს უკავშირდება, არაერთმა მოქალაქემ სამძიმრისა და პროტესტის შედარებით ჩუმი გზა აირჩია:
დაბომბვის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში, უკრაინელ საზოგადო მოღვაწეთა მონუმენტებთან, ადამიანებმა ყვავილების, სანთლებისა და სხვა სიმბოლოების მიტანა დაიწყეს.
მოქალაქეები უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას მონუმენტთან მოსკოვში. ესაა ერთ-ერთი წერტილი, სადაც ყვავილებსა და სხვა სიმბოლოებს ტოვებენ. ფოტო: Twitter/Движение «Весна»
ტარას შევჩენკოს მონუმენტი და პოლიტიკური რეპრესიების უკრაინელ მსხვერპლთა მემორიალი სანქტ-პეტერბურგში. ფოტო: Twitter/Движение «Весна»
დაღუპულთა ხსოვნას ამ ფორმით პატივი მიაგეს უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას მონუმენტთან მოსკოვში, ისევე როგორც პოეტ ტარას შევჩენკოს მონუმენტებთან სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოდარსა და ნოვოსიბირსკში.
ყვავილების რაოდენობის მატებასთან ერთად პროცესში პოლიცია ჩაერთო: 18 იანვარს რუსულმა მედიაპლატფორმამ OVD-Info ოთხი დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. აქტივისტების ცნობით, ეს მოხდა მოსკოვში, ლესია უკრაინკას მონუმენტთან.
OVD-Info-ს თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ომისა და სამხედრო მობილიზაციის საწინააღმდეგო აქტივობებისთვის რუსეთში დააკავეს 19 478 ადამიანი.
პოლიცია ლესია უკრაინკას მონუმენტთან მოსკოვში, სადაც მოქალაქეები ყვავილებს ტოვებენ. ფოტო: Igor Ivanko / Kommersant
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან დატოვებული სიმბოლოები. ფოტო: Twitter/Движение «Весна» *დნიპროს დაბომბვის თარიღი(14.01.23) ავტორმა, სავარაუდოდ, შეცდომით მიუთითა.
14 იანვრის დაბომბვა ფასდება ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო თავდასხმად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო კამპანია დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.
დნიპროში მომხდართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა, თანამდებობა დატოვა. მანამდე მან გაახმიანა ვერსია, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ ჩამოაგდო.
არესტოვიჩმა მეორე დღეს თავისი განცხადება უარყო და ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი გადადგა. ჩანს, რომ სანამ გადადგებოდა, არესტოვიჩის კომენტარი რუსეთის ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა:
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა მომხდარის კომენტირებისას გამოთქვა ვარაუდი, რომ დნიპროში მომხდარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგია და დაამატა, რომ ამ დასკვნამდე “უკრაინული მხარის ზოგიერთი წარმომადგენელიც” მივიდა.
უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ რუსეთმა 14 იანვრის დაბომბვისას Х-22 ტიპის რაკეტები გამოიყენა, რომელთა ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებაც უკრაინას არ გააჩნია.
გარეკანის ფოტო: AFP