ახალი ამბები

ღარიბაშვილმა დავოსში ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

19 იანვარი, 2023 • 921
ღარიბაშვილმა დავოსში ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ – ანაკლიის პორტზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით და  მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით.

„პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 200 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის.

„ჩვენც გვეხება და, მე მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია.

ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში, მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი და კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. პანელის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი