ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ადმინისტრაციის შენობაში ღამეს ათევენ

18 იანვარი, 2023 • 1119
სასწრაფოს ექიმები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ადმინისტრაციის შენობაში ღამეს ათევენ

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება და იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ ადმინისტრაცია მათთვის ხელფასების მომატებას არ დათანხმდება. სასწრაფოში დასაქმებული ექიმები და მძღოლები ხელფასის 100%-ით მომატებას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ბოსტოღანაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, სასწრაფოს ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გუშინაც გამართეს, რის შემდეგაც ადმინისტრაციასთან შეხვედრა დაიგეგმა. მათ მოთხოვნებზე უარის მიღების შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, პროტესტი ადმინისტრაციის შენობაში გაეგრძელებინათ, სადაც წუხანდელი ღამეც გაათენეს:

„ადმინისტრაციასთან გუშინ გვქონდა მორიგი შეხვედრა, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. ჩვენ დავაანონსეთ უწყვეტი პროტესტი ადმინისტრაციის შენობაში, გუშინაც გავათენეთ ღამე, დღესაც გავათენებთ და ვგეგმავთ ასე“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ხელფასების მატების მოთხოვნით სასწრაფოში დასაქმებული პირები აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავენ. მათი თქმით, სახელფასო ანაზღაურება დაბალია განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე.

სასწრაფოს ექიმები, რომლებიც პროტესტში იღებენ მონაწილეობას, აცხადებდნენ, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში ხელფასზე დანამტს იღებებდნენ, თუმცა გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი შემცირდა, დანამატებიც მოუხსნეს.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციისგან ჰქონდათ დაპირება, დანამატს ხელფასის ზრდის გარეშე არ მოუხსნიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავენ განცხადების გაკეთებას. თუმცა, ექიმების პროტესტთან დაკავშირებით უწყების ბოლო განცხადება 11 იანვრით თარიღდება.

ბოლო განცხადებაში ცენტრი ამბობდა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მეტიც, მათი თქმით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით რიგი ღონისძიებები გატარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი აცხადებდა:

  • 2022 წელს დაწესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და 125 %-იანი ტარიფით განისაზღვრა;
  • შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც განისაზღვრა სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12 %-ით;
  • 2022 წელს ცენტრის თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი;
  • 2023 წლის დასაწყისიდან 10 % -ით გაიზარდა როგორც სხვა საჯარო მოხელეთა, ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები;
  • 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ცენტრის თანამშრომლები ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: „ვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას“ – სასწრაფოს თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი