ახალი ამბები

პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოქალაქოება არ ჩამოერთვათ

18 იანვარი, 2023 • 1501
პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს მოქალაქოება არ ჩამოერთვათ

„დემოკრატიის მცველები“ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოერთვათ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ერთმევა საშუალება, რომ იმ მოქალაქეს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართალში აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრ ძოლია უკრაინის მხარეს.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა პეტიციაც შექმნეს. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხის რეალურობას ამყარებ სპარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადებები.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ნაბიჯი, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას უკრაინა, არის გაღებული წვლილი  დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად, საქართველოს მომავლის დასაცავად.

„საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს, როდის შეიძლება დაკარგოს პირმა საქართველოს მოქალაქეობა და ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანულ კანონს მიანდობს. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ არსებული ჩანაწერი იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა: “თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს.“

მსგავსი განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონთამაშვილმაც, კერძოდ: „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი