ახალი ამბები

„მუქარაა, რომ თვითონ აპირებენ მოკლან და დასავლეთს დააბრალონ“ — ალასანია „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

16 იანვარი, 2023 • 778
„მუქარაა, რომ თვითონ აპირებენ მოკლან და დასავლეთს დააბრალონ“ — ალასანია „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა ეხმაურება „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის “პატრონების“ გეგმა „ბ“ იქნება ექსპრეზიდენტის, როგორც ოქროს მოწმის, მოშორება.

ალასანიას თქმით, ეს განცხადება აღქმულია მუქარად, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს სააკაშვილის ლიკვიდაციას, შემდეგ კი, დასავლეთისკენ ხელის გაშვერას.

„რომ შევდიოდი [სააკაშვილთან], მკითხეთ ე.წ. განდგომილების განცხადებაზე, რომლებიც სულაც არ არიან განდგომილები და უმრავლესობის წევრები არიან. დღეს ეს განცხადება მსჯელობის საგანი გახდა ბევრგან, სადაც აღმოვჩნდი. საერთო აზრით, ეს განცხადება ძალიან შემაშფოთებელია და იკითხება, როგორც მუქარა, რომ თვითონ აპირებენ მოკლან და თითი გაიშვირონ დასავლეთისკენ“, — განაცხადა გიული ალასანიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალის“ განცხადებით, სააკაშვილის „პატრონები“ [რომელთა შორის მოიხსენიებენ მაიკლ მაკფოლს] ყველაფერს გააკეთებენ მის გასათავისუფლებლად, თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, მას მოიშორებენ, რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მათ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს.

„სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს. იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც, რაზეც ის პატრონებს ასევე მტკიცებულებების დადებით ემუქრება. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B — სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება“, — ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, სააკაშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, პატრონები ორ კურდღელს დაიჭერენ:

    1. მოიშორებენ ოქროს მოწმეს, რომელსაც ციხეში ნულოვანი პოლიტიკური ფასი აქვს;
    2. სააკაშვილის სიკვდილს ხელისუფლებას დააბრალებენ და ამ საბაბით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას შეეცდებიან, რისი საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი