პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო აცხადებს, რომ ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია ჩაუშალეს “ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” კახეთის განყოფილების წევრებმა.
ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:
“ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს. ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს. მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, – წერს მარტინენკო.
გუშინ, 15 იანვარს, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის გაუქმება ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომების გამო მოუხდათ. მიზეზი იქ შეკრებილი უცხო პირები იყვნენ, რომლებმაც გზა გადაკეტეს. როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა, ნიკა გურინმა უთხრა ნეტგაზეთს, უცხო პირები ნახევარი საათით ადრე “კოორდინირებულად” მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ლექცია უნდა გამართულიყო და შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს:
“ისინი იდგნენ, და ეუბნებოდნენ, რატომ მიდიხარ, არ გრცხვენია, რომ მიდიხარო?! ძირითადად ბავშვებს ეუბნებოდნენ ამას. როდესაც ბატონი ლევანი მოვიდა, ფიზიკურად ვერ შემოვიყვანეთ, რადგან შემოსასვლელში იდგნენ…
იძახდნენ, ჩვენ ერეკლეს შვილიშვილები ვართო, ახსენებდნენ, თითქოს ლგბტ სწავლებისთვის იყო ჩამოსული. მსგავს მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“, – განაცხადა ნიკა გურინმა.