ახალი ამბები

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვაშიც ჩამოვარდა

14 იანვარი, 2023 • 876
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისას რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვაშიც ჩამოვარდა

14 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის დროს რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ეს არის მესამე შემთხვევა, როცა უკრაინის დაბომბვისას რაკეტის ნამსხვრევები მოლდოვის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა. პირველი ასეთი შემთხვევა 31 ოქტომბერს, მეორე კი 5 დეკემბერს იყო.

მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა რაკეტის ნამსხვრევები უკრაინის საზღვართან მდებარე ბრიჩანსკის რეგიონში აღმოაჩინეს.


14 იანვარს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაიბომბა კიევის, ლვოვის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები.

რუსებმა ქალაქ დნიპროში 9-სართულიანი საცხოვრებელი დაბომბეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიღუპა 5 და დაშავდა 27 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსმა სერგეი კრუკმა განაცხადა, რომ  ნანგრევებიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს. მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა ნანგრევებიდან ხალხის გამოსაყვანად.

28 სახლი დაზიანდა კიევზე სარაკეტო თავდასხმის დროს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ხარკოვისა და ლვოვის რაიონებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი