ახალი ამბები

ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენ კამპანიას შეუერთდა

12 იანვარი, 2023 • 1090
ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენ კამპანიას შეუერთდა

ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი ანა მიქელაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენ კამპანიას შეუერთდა.

ანა მიქელაძემ დღეს, 12 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სოფო ჯაფარიძესთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოგზავნილი წერილები მიიტანა, რომელშიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისაკენ მოუწოდებენ.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ბერკეტები უნდა გამოიყენოს და ადამიანის სიცოცხე გადაარჩინოს.

„მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, გული შემტკივა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენაზე. არამხოლოდ ჩვენ, საერთაშორის საზოგადოება თვეების განმავლობაში თვალს ადევნებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ვთვლი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება შეიძლება ფატალური შედეგის გამომწვევი იყოს, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი და ასევე იქნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

ქალბატონ სოფოს[ჯაფარიძეს] შემოვუერთდი როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელიც არასდროს ყოფილა აფილირებული არცერთ პარტიასთან, რომლის სურვილიც არის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაითვალისწინოს მისი შესაძლებლობები, გამოიყენოს ის ბერკეტები, რომელიც მას აქვს და მიიღოს იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც პირველ რიგში მთავარი ღირებულების – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისკენ იქნება მიმართული და, საერთო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მომხდარი“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძემ ცესკოს პრესსპიკერის თანამდებობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მიქელაძემ ცესკო არჩევნების გაყალბების გამო დატოვა. თუმცა ანა მიქელაძემ თანამდებობის ოფიციალურად დატოვებისას განაცხადა, რომ „თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენსავე ღირებულებებთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი