უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული არმიის მეთაურად რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერასიმოვს სამი მოადგილე ეყოლება და ერთ-ერთი მათგანი სერგეი სუროვიკინი იქნება, რომელიც ამ დრომდე უკრაინაში რუსული ძალებს მეთაურობდა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, უკრაინაში რუსული ძალების მეთაურის ცვლილება, „სპეცოპერაციის ფარგლებში სარდლობის დონის მატება, გადასაჭრელი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთანაა დაკავშირებული“.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვალერი გერასიმოვის დანიშვნა საოკუპაციო ძალების ახალ მეთაურად შესაძლოა ნაწილობრივ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს. მათი განმარტებით, შესაძლოა, ამ გზით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურდეს უშიშროების ძალების შესუსტება, რადგან მათი ფავორიტი სერგეი სუროვიკინი იყო.
ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაში წარმოებული ომის მეთოდებთან დაკავშირებით საპირისპირო შეხედულებები იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების ძალებს შორის, რომლებსაც Wagner PMC-ის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი წარმოადგენდა.
„პრიგოჟინი სულ უფრო აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ომის წარმართვას 2022 წლის ბოლოდან. იგორ გირკინმა, დონბასში რუსი ბოევიკების ყოფილმა მეთაურმა და ცნობილმა ბლოგერმა, განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებას“, – აღნიშნეს ექსპერტებმა.
ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, სუროვიკინი იყო პრიგოჟინის საზოგადოების ფავორიტი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მეტოქე.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საინფორმაციო სივრცის კიდევ უფრო დიდი დაყოფა უსაფრთხოების ძალების მხრიდან.
„გერასიმოვის დაწინაურება, ალბათ, ნაწილობრივ არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გავლენის შესუსტებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავდაცვის სამინისტროს, და სიგნალი პრიგოჟინისთვის და სხვებისთვის, რომ შეამცირონ თავდაცვის სამინისტროს კრიტიკა“, – ვარაუდობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.