ახალი ამბები

მეცინება, რატომ უწოდეს „რუსული სოფელი“ – ხმალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

28 დეკემბერი, 2022 • 806
მეცინება, რატომ უწოდეს „რუსული სოფელი“ – ხმალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ „ეცინება და უცნაურია“, თუ რატომ უწოდეს საახალწლო სოფელს „რუსული სოფელი“.

“ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ  პრეზიდენტის სასახლის კართან “რუსული სოფელია” გახსნილი. პრეზიდენტს, რომლის ადმინისტრაციის შენობასთანაც საახალწლო სოფელია გახსნილი, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს.

“აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან. ვფიქრობ, არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ [რუსული სოფელი], მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება”, — დასძინა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

დაუზუსტებელია, იგულისხმა თუ არა პრეზიდენტმა ე.წ. საახალწლო სოფელი, რომელიც 23 დეკემბერს გაიხსნა. პასუხს “ნეტგაზეთი” მისი ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან ელის.

“საახალწლო სოფლის” ტერიტორია მოიცავს ორბელიანის მოედანს, ასევე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩას, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა.

გახსნის ღონისძიებაზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.

” „საახალწლო სოფელში“ განთავსებულია მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საკონცერტო სცენები, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის”, — ამბობს მერია.

გეგმის თანახმად, “საახალწლო სოფელში” ყოველდღიურად, 13 იანვრის ჩათვლით, მოეწყობა კონცერტები, ისევე როგორც საბავშვო-გასართობი წარმოდგენები და სხვა.

“საახალწლო სოფლის” გახსნიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თქვა, რომ აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას. მიზეზად “ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეები” დასახელდა. “საახალწლო” სოფელი განცხადებაში ნახსენები არ იყო.

27 დეკემბერს ჟურნალისტებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰკითხეს, რატომ მოეწყო “საახალწლო სოფელი” ათონელის ქუჩაზე.

“არაფერი არ შეცვლილა. როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე მოწყობილი საშობაო სოფელი, იგივე არის გაკეთებული.

ერთადერთი, დედაენის ბაღის მაგივრად, რადგან იქ მომუშავე ადამიანებმა გვთხოვეს, რადგან საღამოობით ძალიან ცივა, ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე მოხდა ამ სივრცეების დამატება”, — დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ექმნება თუ არა დისკომფორტი პრეზიდენტს, კალაძემ თქვა:

“არანაირი დისკომფორტი არ იქმნება. პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, აბსოლუტურად ყველაფერი არის გათვალისწინებული”.

იმავე დღეს კალაძემ განაცხადა, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას გადაწყვეტს, ეს უმძიმესი იქნება როგორც პირადად მისთვის, ასევე, მისი კარიერისთვის.

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგს წინ უძღოდა აქცია მის რეზიდენციასთან, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა მოქმედ პრეზიდენტს მოუწოდეს, არ შეიწყალოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი.

ზურაბიშვილმა თავდაპირველად სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს. პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ადგილზე “ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე” “მივარდნენ” და იკითხა, სად იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ის ადამიანები, რომლებიც ახლა “ჭორებს ავრცელებენ” მასზე.

მას შემდეგ, რაც უკმაყოფილო დემონსტრანტებმა ზურაბიშვილს სიტყვა არ დაასრულებინეს, პრეზიდენტმა ბრიფინგი დანიშნა, რომელზეც ისაუბრა მის წინააღმდეგ “ბულინგზე, ზეწოლასა და შანტაჟზე”.

ამავე ბრიფინგზე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა როგორც მმართველ პარტია, ისე „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილს კი „დაცემული“ უწოდა და თქვა, რომ ამ უკანასკნელს  „ორივე მხარე“ აქეზებდა საქართველოში ჩამოსასვლელად.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, „მთავარ კითხვაზე“, – შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, – უპასუხა:

„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც გაეცემა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი