ახალი ამბები

სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 2000-მდე ქალი მიმართავს

28 დეკემბერი, 2022 • 1358
სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 2000-მდე ქალი მიმართავს

დღეს, 28 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქალები მიმართავენ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით.

პეტიციას, რომელიც პრეზიდენტისადმი აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა, ხელს 2000 ქალი აწერს. პეტიციის ხელმომწერები სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ,  გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად.

„აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება – მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.

არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა.
სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ.

მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის სცენარის მიხედვით. მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება“, – აღნიშნულია პეტიციაში.

როგორც პეტიციის ერთ-ერთი ავტორი  თეონა ჭალიძე ნეტგაზეთთან ამბობს, პეტიციას ხელმომწერთა შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ქალები, მათ შორის მსახიობები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. მისი თქმით, მათ შორის არიან:ნინო სუხიშვილი, ნანა ალექსანდრია, ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი…

მასალების გადაბეჭდვის წესი