ახალი ამბები

„იუსტიციის სამინისტრო ალბათ ქვეყანას უფრთხილდება“ — კობახიძე სააკაშვილის მკურნალობაზე

27 დეკემბერი, 2022 •
„იუსტიციის სამინისტრო ალბათ ქვეყანას უფრთხილდება“ — კობახიძე სააკაშვილის მკურნალობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში „ადგილი აქვს 450-დღიან სიმულაციას, რაც საზოგადოებას მობეზრდა“.

„არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს მაინცდამაინც 9 200-დან ერთი პატიმრის ბედი“, — თქვა მან.

კობახიძის თქმით, დადასტურდა, რომ სააკაშვილის მოწამვლა „იყო ფეიკი“.

კობახიძის აზრით, სიმულაციას აქვს ერთადერთი მიზანი — შექმნას საბაბი შეწყალებისთვის.

„მაგრამ სიმულაცია, წესით, არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს“, — დასძინა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ იციან, რომ მსჯავრდებული სიმულანტობს, რატომ იღებს სახელმწიფო მის მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწვეტილებებს (არ აბრუნებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში), კობახიძე პასუხობს:

„არ ვიცი, იუსტიციის სამინისტრო, ალბათ, ქვეყანას უფრთხილდება და ამიტომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. ალბათ, ეს არის მიზეზი. მე პასუხს ვერ გაგცემთ, ამ გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და სხვები თვეებია აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. პარალელურად, არაერთგზის ისმის მოწოდებები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი, შეიწყალოს სააკაშვილი. ამ მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან პერიოდულად აქციებიც იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი