ახალი ამბები

კალაძე: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას გადაწყვეტს, მისთვის უმძიმესი იქნება

27 დეკემბერი, 2022 • 878
კალაძე: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას გადაწყვეტს, მისთვის უმძიმესი იქნება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს უმძიმესი იქნება როგორც პირადად მისთვის, ასევე, მისი კარიერისთვის:

„არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. საერთოდ ყველაფერი დადგმულია. მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები.

იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან. გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია. თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის. ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება“, – ამბობს კახა კალაძე.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ მიმდინარე წლის მაისში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და სხვები თვეებია აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

პარალელურად, არაერთგზის ისმის მოწოდებები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი, შეიწყალოს სააკაშვილი. ამ მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან პერიოდულად აქციებიც იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი