ახალი ამბები

წითლიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

26 დეკემბერი, 2022 • 926
წითლიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, შიმშილობის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ მან დღეს, 26 დეკემბერს, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ ბრიფინგზე ისაუბრა. მოგვიანებით კი აღნიშნული ინფორმაცია ტვ პირველთან დაადასტურა ხატია დეკანოიძემაც.

წითლიძის თანახმად, “ამ დღეების განმავლობაში” შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს პრეზიდენტს:

“მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის.

ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი – ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები, და არა პირიქით, რადგან სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას ევროპული მომავლისკენ წაიყვანს”, – განაცხადა წითლიძემ.

წითლიძეს ბრიფინგზე არ უსაუბრია ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალებზე, თუმცა, როგორც მოგვიანებით დეკანოიძემ თქვა ტვ პირველის ეთერში, შეხვედრა დღეს, 26 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა. მისი თქმით, შეხვედრა დაახლოებით ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა:

“როგორც ანიმ მითხრა, ძალიან შეწუხებული იყო მისი მდგომარეობით… მე ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მას, ანიმაც თქვა და მეც მინდა ვთქვა იმიტომ, რომ მისი მოწოდებაც იყო, არაერთი, რომ ანის შიმშილობა შეეწყვიტა.

რაც ვიცი და რისი თქმაც მოასწრო ანიმ, ისაუბრეს მის ჯანმრთელობაზე, მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ქვეყანაში. ანის ძალიან სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. ემოციური იყო მისი დამოკიდებულებაც და ეს იყო რეალურად შეხვედრის ძირითადი მიზეზი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეკითხვაზე, საუბარი შეეხო თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“ნეტგაზეთი” დეტალების დასაზუსტებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი