ახალი ამბები

მუმლაძის თქმით, სააკაშვილის სასამართლოსას მომხდარ ინციდენტზე ისიც დაიბარეს პოლიციაში

27 დეკემბერი, 2022 • 649
მუმლაძის თქმით, სააკაშვილის სასამართლოსას მომხდარ ინციდენტზე ისიც დაიბარეს პოლიციაში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, რასაც იგი აფასებს მისი და მიხეილ სააკაშვილის მომხრეების დაშინების მცდელობად.

„საქმე ეხება 14 დეკემბერს, მიშას სასამართლოს შემდეგ, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ ჩვენს შეძახილებს სასამართლოს ეზოში“, – წერს მუმლაძე.

„თავიდანვე ნათელი იყო, რომ ახალ საქმეს კერავენ ჩემ წინააღმდეგ, თან მიშას მომხრეების დაშინების მცდელობაა“, – აცხადებს იგი.

გიორგი მუმლაძის თქმით, იგი არ აპირებს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდეს და მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე აცხადებს თანხმობას.

მსგავსი ინფორმაცია გაავრცელეს ცოტა ხნის წინ სააკაშვილის სხვა მომხრეებმა, რომლებიც 14 დეკემბერს ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლო სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოსამართლემ 22 დეკემბრამდე გადადო. 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე კი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციურ სამსახურს ერთთვიანი ვადა სჭირდება სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად და პოზიციის შესამუშავებლად.

ამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს.

„შეძახილებს გარდა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მანქანას წინ გადავუდექით, ფიზიკური შეხება არ ყოფილა… ეს არის ადამიანების დაშინების მცდელობა, როცა დაკითხვაზე დაგვიბარეს. ჩემი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანია დაბარებული. არ ვიცი, ვინმეს ბრალი წარუდგინეს თუ არა, ასევე დაკავებულია თუ არა აქციის რომელიმე მონაწილე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძე, ენმ-ის ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ“, – აცხადებს ბოლქვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი