ახალი ამბები

აშშ-ში შტორმსა და ყინვას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა

26 დეკემბერი, 2022 • 795
აშშ-ში შტორმსა და ყინვას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმსა და ყინვას სულ მცირე 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულ ათასობით მოქალაქე კი შობის დილას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდა.

როგორც CNN წერს, სტიქიით ყველაზე დიდი ზიანი ნიუ იორკის შტატს, ქალაქ ბუფალოს მიადგა, სადაც კვირა დილას თოვლის საფარის სიმაღლემ მეტრსა და 9 სანტიმეტრს მიაღწია. ქალაქის მთავრობის თქმით, ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად გზები მოიყინა და გადაადგილება შეუძლებელი გახდა, გაიყინა ელექტროენერგიის ქვესადგურებიც, ათობით ადამიანი კი დაბალი ტემპერატურის გამო დაიღუპა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამინდი კვირას მცირედით გაუმჯობესდა და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებმა ადგილზე გასვლა შეძლეს:

„ადამიანები 2 დღეზე მეტი ხნით მანქანებში ჩარჩნენ, ზოგი მოქალაქის სახლში კი ტემპერატურა 0-ს ქვემოთაა. ეს ბუფალოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შტორმია. არნახული მასშტაბის კრიზისი“, – თქვა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა CNN-თან.

CNN-ის თქმით, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის თითქმის მთელი ტერიტორია შტორმმა მოიცვა, სანაპირო რეგიონები კი დაიტბორა. გაფრთხილების ზონაში აშშ-ის სამხრეთ ნაწილში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მოექცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი