პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი „ცუდად გამოიყურება“, რაც „არ არის სასიამოვნო“, თუმცა ამბობს, რომ ვერ შეაფასებს, უნდა გადაიყვანონ თუ არა იგი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობაზე, სამხარაძემ განაცხადა:
„ძალიან ცუდი ფოტოა… ცუდადაც გამოიყურება… ნამდვილად არ არის სასიამოვნო“.
კითხვაზე, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განაცხადა:
„არ ვიცი, ეს დიაგნოზის მიხედვით უნდა გადაწყდეს… მე ახლაც არ ვიცი, რაიმე სჭირს თუ არა, მე არ ვარ ექიმი და ასე, ფოტოთი ვერ დავადგენ“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე, სადაც მისთვის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, კლინიკიდან დისტანციურად ჩართეს.
იგი დროებით იყო ჩართული. მან სასამართლოს უკრაინულად მიმართა, თუმცა მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა. ხმის გათიშვის პარარელურად, მოსამართლის თანახმად, შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა, ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცუდად გახდა, რის შემდეგაც პროცესში მონაწილეობა აღარ მიუღია.
ამ საკითხზე 22 დეკემბრამდე ორი სასამართლო სხდომა ჩატარდა, თუმცა ექსპრეზიდენტი არცერთ პროცესს არ დასწრებია.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სააკაშვილის გამოსვლას კვლავ „სიმულაცია“ უწოდეს:
„ბინძურად სიმულირებს. წინა და დღევანდელი კადრები რომ ვნახე, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს რწმენა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნახეთ ასევე: