ახალი ამბები

ჯეიმს კამერონის თქმით, სამეცნიერო მტკიცებულება აქვს, რომ „ტიტანიკში“ ჯეკი ვერ გადარჩებოდა

20 დეკემბერი, 2022 •
ჯეიმს კამერონის თქმით, სამეცნიერო მტკიცებულება აქვს, რომ „ტიტანიკში“ ჯეკი ვერ გადარჩებოდა

„ტიტანიკის“ რეჟისორი ჯეიმს კამერონი აცხადებს, რომ სამეცნიერო მტკიცებულება აქვს, რომლის მიხედვითაც, ფილმის დასკვნით სცენაში ლეონარდო დიკაპრიოს გმირის, ჯეკის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

როგორც კამერონი Postmedia-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ამ თემაზე გამოწვეული აზრთა სხვადასხვაობის ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად სამეცნიერო კვლევა ჩაატარა:

„ჰიპოთერმიის ექსპერტთან ერთად სასამართლო ექსპერტიზა ჩავატარეთ. დავამზადეთ ისეთივე ხის ტივი, როგორიც ფილმშია და ლეონარდოსა და ქეითის იდენტური სხეულის მასის მქონე ადამიანები მოვიწვიეთ. ორივე მათგანი ყინულივით ცივ წყლის რეზერვუარში მოვათავსეთ და ვსწავლობდით, თუ არსებობდა რაიმე მეთოდი ორივე მათგანის გადასარჩენად. პასუხი იყო — არა, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა იყო შესაძლებელი“, – აცხადებს რეჟისორი.

The Guardian-ის თქმით, კვლევის შედეგები უფრო დეტალურად National Geographic-ის მიერ მომზადებულ ფილმში იქნება ასახული, რომელიც მომავალი წლის თებერვალში იქნება მაყურებლებისთვის ხელმისაწვდომი.

ამასთან, კამერონი აღნიშნავს, რომ ფილმში ჯეკის სიკვდილი სიუჟეტისთვისაც მნიშვნელოვანი იყო – „ეს რომეო და ჯულიეტაა, ფილმი სიყვარულზე, თავგანწირვასა და მორალზე. სიყვარული მსხვერპლით იზომება“, – აცხადებს რეჟისორი.

„ტიტანიკი“ კინოეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა და წლების განმავლობაში ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სურათად მიიჩნეოდა. მისი რეკორდის გაუმჯობესება 2009 წელს კამერონის ახალმა ფილმმა „ავატარმა“ შეძლო.

ფილმის დასკვნით სცენაში ქეით ვინსლეტის პერსონაჟი როუზი ხომალდის ჩაძირვის შემდეგ ოკეანეში მოტივტივე ხის კარზე ახერხებს ასვლას, ლეონარდო დიკაპრიოს ჯეკი კი ჰიპოთერმიით იღუპება.

ფილმის გამოსვლიდან დღემდე დასასრულთან დაკავშირებით მაყურებლებში აზრთა სხვადასხვაობა იყო. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოტივტივე კარზე ასვლა ორივე პერსონაჟს შეეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი