ახალი ამბები

შოიგუ „წინა ხაზზე“ არ ყოფილა, 85კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა – GeoConfirmed

20 დეკემბერი, 2022 • 896
შოიგუ „წინა ხაზზე“ არ ყოფილა, 85კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა – GeoConfirmed

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში მოინახულა „რუსული დანაყოფების მოწინავე პოზიციები“, თუმცა პროექტ GeoConfirmed-ის ცნობით, ადგილი, საიდანაც სამინისტრომ შოიგუს ვიდეო გაავრცელა, ათობით კილომეტრებით არის დაშორებული ფრონტის ხაზიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გარდა იმისა, რომ მინისტრმა შოიგუმ „მოინახულა სპეციალური ოპერაციის არეალში მყოფი ჯარისკაცები“, „შეასრულა ფრენა იმ არეალების გარშემო, სადაც ჯარისკაცები არიან განთავსებულნი და შეამოწმა რუსული დანაყოფების მოწინავე პოზიციები“.

„ვიდეოში უჩვენებენ თხრილებს, რათა დაადასტურონ, რომ მან ფრონტის ხაზს გადაუფრინა… თუმცა სინამდვილეში ფრონტის ხაზიდან 85 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა“, – წერს GeoConfirmed.

„სინამდვილეში, ის ეწვია ყირიმის დაცვის ხაზს, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე მიტოვებულია“, – წერენ სპეციალისტები.

GeoConfirmed არის პლატფორმა, რომელსაც გეოლოკაციით დაინტერესებული მოხალისეები ამუშავებენ. პლატფორმის ინფორმაციას ხშირად იყენებს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bellingcat.

მასალების გადაბეჭდვის წესი