ახალი ამბები

მდინარაძის აზრით, ზელენსკის განცხადება „ომში ჩართვის სპეცოპერაციის“ ავტორებმა უზრუნველყვეს

20 დეკემბერი, 2022 • 749
მდინარაძის აზრით, ზელენსკის განცხადება „ომში ჩართვის სპეცოპერაციის“ ავტორებმა უზრუნველყვეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

მდინარაძის თქმით, „სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი“.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ? მათ შორის შემთხვევითი არ არის და ამ განცხადებასთან თანხვედრაში შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ომის ხალხი, სააკაშვილი ამას გააკეთებდაო…

დიახ, მათ აქვთ მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. ეს ერთმანეთთან კორელაციაში უნდა განვიხილოთ. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით და საქართველოს არევის მიზნით, რაც ჩავარდა, და დღეს ჩვენ ყველა განცხადებას ამ კონტექსტში განვიხილავთ“, — აცხადებს მდინარაძე.

მდინარაძის აზრით, უკრაინაში ომის დაწყების ობიექტური მოლოდინი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეც არსებობდა, თუმცა სააკაშვილის გამოგზავნას სხვა მიზნებიც ჰქონდა.

„მიზანი იყო საქართველოს არევა, არჩევნებზე გარკვეული გავლენის მოხდენა და იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა საომარი მოქმედებები, ამაში ჩართვაც. ამისთვის ხდებოდა მზადება“, — თქვა მდინარაძემ.

ომში ჩართვის „სპეცოპერაციის“ ავტორებს დეპუტატი არ ასახელებს.

„ავტორებს ჩვენ არ ვასახელებთ იმიტომ, რომ თავს ვიკავებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს უამრავი ამბავი, რაც კულისებში ბევრმა კარგად იცის, მაგრამ დიდ უხერხულობას შექმნის საჯაროდ გამოტანა“, — დასძინა მამუკა მდინარაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს საქართველოს მთავრობას და მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.