ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანთან ახალი შეტაკებების მოლოდინში – ხედვა სომხეთიდან

20 დეკემბერი, 2022 • 2170
აზერბაიჯანთან ახალი შეტაკებების მოლოდინში – ხედვა სომხეთიდან

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, პოლიტიკის მკვლევარი, ერევანი


მიმდინარე მდგომარეობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

2020 წლის შემოდგომაზე მომხდარი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ბევრს ეჩვენებოდა, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ეს შეგრძნება ძირითადად რეგიონის გარეთ, განსაკუთრებით კი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიღმა არსებობდა. სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. მეტიც, 44- დღიანი ომიდან ორი წლის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ პროვოცირებული ახალი შეტაკება მოხდა, ასეულობით ადამიანური დანაკარგით, რომელმაც ყველა დაარწმუნა, რომ მშვიდობა ჯერ კიდევ ძალიან შორი ცნებაა. 

არსებობს რამდენიმე არასწორი ხედვა, რომელსაც იზიარებენ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტების გარე ექსპერტები. ერთ-ერთი მათგანია რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის საკითხში.

საქმე ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა აქვთ რეგიონის ქვეყნებს გარე მოთამაშეებთან – თავად კონფლიქტი არ არის დამოკიდებული რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებზე და ის სხვა კონფლიქტებზე უფრო ძველია. 

ამიტომაც “ცივი ომის” პარადიგმა ამ შემთხვევაში არ მუშაობს, მით უმეტეს, უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში მოსკოვიც და ვაშინგტონიც მხარს უჭერდნენ როგორ ბაქოს, ასევე ერევანს. 

მეორე მცდარი ხედვა კონფლიქტის განხილვისას არის დავა ტერიტორიულ მთლიანობასა და ერების თვითგამორკვევის უფლებაზე, რაც მხარეების მიერ ყოველთვის გამოიყენებოდა, თუმცა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაგებისგან მაინც შორია. ამის ყველაზე საუკეთესო მტკიცებულებაა ის, რომ 2020 წელს, დიდი ტერიტორიების მიღების შემდეგაც კი, აზერბაიჯანი არ გაჩერდა და დღემდე რეგულარულად უტევს საბჭოთა საზღვრებში არსებულ სომხეთის ტერიტორიის სიღრმეებს. ეს იგივე იქნებოდა, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ჭრილში რომ განგვეხილა და წარმოგვედგინა, რომ ცხინვალის გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს მიზნად დაესახა ვლადიკავკაზის დაკავებაც, მოლდოვას დნესტრისპირეთის გათავისუფლების გარდაც ჰქონოდა მიზნები, უკრაინას კი – დონბასის და ყირიმის. ეს კონფლიქტები ჯერ კიდევ მიიჩნევა პოლიტიკურ კონფლიქტებად, ნაწილობრივ ეთნიკურ, მნიშვნელოვანწილად კი- ტერიტორიულ კონფლიქტებად, თუმცა არა ეგზისტენციალურად, რასაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ვხედავთ და რომელიც პირდაპირი გაგრძელება გახდა სომხეთ-თურქეთის კონფლიქტისა. 

მესამე მცდარი ხედვაა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გააზრება, როგორც სტალინისა და ამიერკავკასიის ბიუროს მიერ შექმნილი კონფლიქტი, რადგანაც სადავო ტერიტორიების დიდი ნაწილი აზერბაიჯანს გადასცეს 1921 წლის თებერვალში სომხეთის აჯანყების, მოსკოვისადმი აზერბაიჯანის ლოიალობისა და ათათურქთან ლენინის  კარგი ურთიერთობების გამო. 

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი იქამდეც არსებობდა და მისი დარეგულირება შესაძლებელი იყო ადეკვატური პოლიტიკით, მაგრამ ეს მაშინ არ გაკეთებულა. პირიქით, ბოლშევიკებმა უფრო გაამყარეს ის, თუმცა თავად კონფლიქტის შექმნას  მათ ვერ მივაწერთ. 

მაშ, რას წარმოადგენს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი? სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკური დისკუსიები, იმაზე მეტყველებს, რომ კონფლიქტი კავშირშია ერების ნაციონალური იდენტობის საფუძვლებთან, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში.

დღეს კონფლიქტი დიდწილად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არის ინსპირირებული მოქალაქეების უკმაყოფილებისა და აგრესიის მიმართულების შესაცვლელად, თუმცა, არამხოლოდ. 

სომხეთისთვის ეს კონფლიქტი, როგორც უკვე ითქვა, ეგზისტენციური ანუ გადარჩენის საკითხია, მით უმეტეს, თავად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააყენა საკითხი სწორედ ასე: ალიევის თანახმად, ერევანი და სომხეთის დანარჩენი ტერიტორიები აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში უნდა იყოს.

თუკი აზერბაიჯანი ომს “საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად” აწარმოებდა, როგორც ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებდა, ეს ომი უკვე დასრულდებოდა. თუმცა, პირიქით, აზერბაიჯანი ესკალაციას ქმნის, რადგანაც ომს ეთნიკური სომხების წინააღმდეგ აწარმოებს [1930 წლების პოლიტიკის მსგავსად, როდესაც მოწინააღმდეგედ მთელი ეთნოსი გყავს].

ამ დრომდე არამხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს, ნებისმიერი სომხური გვარის პირს აზერბაიჯანში შესვლა ეკრძალება, ამ დრომდე აწამებენ 2020 წლის ომის ტყვეებს, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და აზერბაიჯანის მედიაში კი კვლავ მიდის პროპაგანდა ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც სულ უფრო ძლიერდება.

საერთაშორისო კონსოლიდირებული პოზიცია კი არ არსებობს: “ხიზილალის დიპლომატიის” გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია.

ორი წელი საბრძოლო მოქმედებებიდან: სიტუაცია საზღვარზე

2020 წლის ნოემბერში საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე ფაშინიანი აზერბაიჯანის პირობებს დათანხმდა და სომხური ჯარი მნიშვნელოვნად დიდი ფართობის ტერიტორიებიდან [4.5 ათასი კვ. კმ  და დამატებით, სამმხრივი განცხადებით გაუთვალისწინებელი 300 კვ. კმ] გამოიყვანა, რაც, როგორც მოგვიანებით თქვა, ეს მოხდა “ალიევთან ზეპირი ურთიერთანხმობის” საფუძველზე. 

თუმცა უკვე 2020 დეკემბრიდან სროლა განახლდა და მისი ინიციატორი იყო ალიევი, რომელიც საკუთარ თავს გამარჯვებულ მხარედ აცხადებდა და უფლებას იტოვებდა, ჰუმანიტარული შედეგებისა და მსხვერპლის გათვალისწინების გარეშე ცალმხრივად გაევლო საზღვრები. 

2021 მაისსა და ნოემბერში კი ფართო შეტაკებები მოხდა, ასევე, 2022 წლის მარტსა და სექტემბერში. 13-14 სექტემბრის უკანასკნელი ეპიზოდის დროს 240-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ასობით დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. 

აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპულთა ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ბაქომ მხოლოდ 70 ჯარისკაცის დაღუპვა აღიარა. ასევე გავრცელდა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ სომეხი ტყვეების ჩაცხრილვის ვიდეოკადრები.

ამასთან, აზერბაიჯანმა დაიტაცა კიდევ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრი, მთლიანობაში კი, მთელი პერიოდის განმავლობაში, 220 კვ.კილომეტრამდე ტერიტორიისა, რომელიც საბჭოთა პერიოდში სომხეთს ეკუთვნოდა, ვარდენისის, ჯერმუკის, გორისის, კაპანის და სხვა ქალაქების სიახლოვეს. 

2021 წელს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიების დაკავებების ყველა ეპიზოდს ჰქონდა სამი ზოგადი მიზეზი, რომელიც ალიევის გადაწყვეტილებებშიც ცხადად ჩანს: 

სიმაღლეების დაპყრობა სასაზღვრო ზონაში. საბჭოთა პერიოდში რესპუბლიკებს შორის სამხრეთი საზღვარი გადიოდა ზღვის დონიდან 2800-დან 3500 მეტრი სიმაღლის მწვერვალთა ხაზზე, მათზე კონტროლი კი დღეს მნიშვნელოვანი ბერკეტია სამომავლო შეტაკებების შემთხვევაში სიტუაციის კონტროლისთვის. აზერბაიჯანმა დაიკავა თითქმის მთლიანი სასაზღვრო სიმაღლეები, განალაგა ჯარი და შეიქმნა სომხური ჯარის გადაადგილების კონტროლის პირდაპირი შესაძლებობა.

სიმაღლეების დაკავებით აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდა საბადოები, მდინარეები, რუ და წყაროები. ამას შემთხვევითობას მივაწერდით, რომ არა აზერბაიჯანის პოლიტიკის მიზანი, ფლობდეს წყლის რესურსებს. 2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა მცდელობა, ისე შეეცვალა მდინარის კალაპოტი, წყალს სომხეთამდე ვერ მიეღწია. ამასთან, საბრძოლო მოქმედებების დროს სომხურმა სოფლებმა სასაზღვრო ზონაში სარწყავ წყალზე წვდომა დაკარგეს. 

უკანასკნელ დროს აზერბაიჯანმა ბრიტანულ და რუსულ კომპანიებს საშუალება მისცა, დაკავებულ სასაზღვრო ტერიტორიებზე საბადოები გამოეყენებინათ.

კონტროლი კომუნიკაციებზე, პირველ რიგში – სომხეთის გზებზე. გორისი-კაპანის გზის ნაწილის ფიზიკური კონტროლის გარდა, აზერბაიჯანმა შესაძლებლობა შეიქმნა, სომხეთისა და ირანის, ასევე, სხვა გზებზე იარაღი გაეკონტროლებინათ. გარდა ამისა, იყო მცდელობა სომხეთზე დიპლომატიური ზეწოლისა, რათა ომის გარეშე მიეღო სადავო ტერიტორიები, რომელზე კონტროლის შემთხვევაშიც სხვა მაგისტრალებს გადაუჭრიდა,  მათ შორის სომხეთის და საქართველოს დამაკავშირებელ ძირითად გზას ქალაქ იჯევანიდან ჩრდილოეთით.

2022 ნოემბერ-დეკემბერი

ამჟამად საზღვარზე ინციდენტების რაოდენობა შემცირდა, ამინდი კი ართულებს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები საერთოდ ამოწურულია. მაგალითად, 23-28 ნოემბერს სომხეთის მიმართულებით დაიწყო სროლა და რამდენიმე სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა. 

ახლა აზერბაიჯანმა ფოკუსი მთიან ყარაბაღზე გადაიტანა: ერთი კვირაა აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავს. ათასზე მეტი ადამიანი ვერ ხვდება საკუთარ სახლში. ყარაბაღში უკვე დაიწყო მედიკამენტების და საწვავის მარაგების შემცირება. ერევანში, გაეროს ოფისის წინ მუდმივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოთხოვნით გაიტანონ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საკითხი, რაც მოხერხდა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ამგვარი ზეწოლის ერთ-ერთი მიზანია, ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობას, უმწეო მდგომარეობის გამო, ემიგრაციისკენ უბიძგონ. რაც შეეხება სხვა მიზნებს, მათ შორისაა იძულება, შეიქმნას ექსტერიტორიული კორიდორი სომხეთის გავლით, რომლითაც ისარგებლებდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი სომხური მხარის კონტროლის გარეშე; ასევე, სომხეთის იძულება, მოაწეროს ხელი “სამშვიდობო შეთანხმებას” ბაქოს პირობებით, რომელიც აზერბაიჯანისთვის ახალი ტერიტორიების გადაცემას ითვალისწინებს.

საზღვარზე მდგომარეობა ძალიან მყიფეა ბაქოს ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის აქტიური მშენებლობის გათვალისწინებით. 2020-22 წლებში დაკავებულ ტერიტორიებზე შენდება ახალი ფართოზოლიანი გზები, გვირაბები და ხიდები, ახალი თანამედროვე ობიექტები სამხედროთა მუდმივი განთავსებისთვის, ასევე, აეროპორტები, რამაც უნდა უზრუნველყოს სამხედროთა მაქსიმალურად სწრაფად გადასროლა. მოსახლეობა ამ ტერიტორიებზე არ ცხოვრობს –  მისი დასახლების რაიმე პოლიტიკაც აზერბაიჯანს არ აქვს.

ამ ტერიტორიების მილიტარიზაციას აქვს გრძელვადიანი მიზნები, რომელიც  შესაძლებელი გახდება ბაქოს და ერევნის შესაძლებლობების ასიმეტრიის გათვალისწინებით .

26- წლიანი შედარებითი მშვიდობა სწორედ მხარეთა ძალების ბალანსის წყალობით ნარჩუნდებოდა. ერევანს და ბაქოს ჰქონდა თანაბარი სამხედრო შესაძლებლობები (1994-2007), შემდეგ ბაქომ მიიღო გარკვეული უპირატესობა (2008-2019), დღეს კი მას აქვს უპირობო ძალაუფლება (2020-22). 

იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლამდე ტერიტორიული კონფიგურაცია სომხეთის სასარგებლოდ იყო, ეს საშუალებას იძლეოდა, მოვლენების ნეგატიური განვითარება შეეკავებინათ, თუმცა უნიჭოდ წაგებული ომისა და ხელისუფლების კატასტროფული მარცხის შემდეგ, სხვაობა მხარეთა პოტენციალებს შორის იმის მანიშნებელია, რომ ბაქო მხოლოდ მუქარებით შეეცდება კონფლიქტის “მოგვარებას”,  იმ შემთხვევაშიც კი, თუ “სამშვიდობო შეთანხმებას” ხელი მოეწერება. ამიტომაც, 2023 წელს და შემდეგაც, რეგიონი ისევ ახალი, როგორც ლოკალური, ასევე ფართომასშტაბიანი, საბრძოლო მოქმედებების მოლოდინში იცხოვრებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი