ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო USA2GEORGIA-ს მიერ კანონის შესაძლო დარღვევას სწავლობს

19 დეკემბერი, 2022 • 960
კონკურენციის სააგენტო USA2GEORGIA-ს მიერ კანონის შესაძლო დარღვევას სწავლობს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო.

ორგანიზაციის თქმით, საკითხი ეხება მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას აშშ-დან ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ, მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა:

„აგრეთვე, როგორც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინმაღაზიებიის მიერ (ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლები ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ“ – ნათქვამია განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტო საქმეს განიხილავს 1 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე და იღებს გადაწყვეტილებას დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ:

„დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/ და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა გასული წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მოცულობით“ ,- აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი