ახალი ამბები

სასამართლომ სტამბოლის მერსა და ერდოღანის მთავარ მეტოქეს პატიმრობა მიუსაჯა

15 დეკემბერი, 2022 • 1401
სასამართლომ სტამბოლის მერსა და ერდოღანის მთავარ მეტოქეს პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს, რომელიც ასევე განიხილება, როგორც ქვეყნის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

მიზეზი ისაა, რომ სასამართლომ დაადგინა იმამოღლუს მიერ საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფა.

იმამოღლუმ საჯაროდ გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი, რომელთაც 2019 წლის ადგილობრივი არჩევნები გააყალბეს, ნაძირლები არიან.

ექრემ იმამოღლუ თურქული რესპუბლიკური ხალხის პარტიის ლიდერია და მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატად განიხილებოდა.

მერის მხარდამჭერები სოლიდარობის გამოსახატად სტამბოლის საბჭოს მერიისა და საბჭოს შენობების წინ შეიკრიბნენ.

მოსალოდნელია, რომ იმამოღლუ სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იგი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოიხსნება, ოპოზიციას ერდოღანის წინააღმდეგ ახალი კანდიდატის შერჩევა მოუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი