იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა, დეტალურად მოყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პატიმრების წამების და გაუპატიურების ფაქტების შესახებ.
დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, თავად თუ გაუპროტესტებია იმ პერიოდში პატიმრების წამება და სხვა მძიმე უფლებადარღვევები.
„ბევრი ისაუბრეთ ბუნდოვნად და ზოგადად და რომ დაბრუნდებით ტრიბუნასთან, კარგი იქნება, რომ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნოთ საზოგადოებას. გვითხარით, იმ ცხრა წელში, რომელზეც ასე ხმამაღლა საუბრობთ, სად იყავით და რას აკეთებდით? ჩამოთვალეთ თითოეული ის წელი და ერთი შემთხვევა მაინც მოიყვანეთ, როდესაც ან პატიმრების წამება ციხეში, ან სხვა მძიმე უფლებადარღვევები სადმე, საკუთარი სამზარეულოს გარდა, თუ გაგიპროტესტებიათ? მაშინ იყო პროტესტები, კი. რამდენიმე ადამიანი ვბედავდით ხოლმე… ხან სამი ვიდექით ქუჩაში, ხან ხუთი, მაგრამ ვიდექით და თქვენ რას აკეთებდით, მოგვიყევით“, — მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ბრეგაძეს.
„საზეიმო ვითარებაში გადმოგცეთ ბიოგრაფიული მონაცემები, თუ საზეიმო ვითარების გარეშე?“ — უპასუხა დეპუტატს იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, 2005-2011 წლებში გერმანიაში სწავლობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში ჩაერთო.
„2011 წლის 26 ოქტომბერი იყო, როდესაც ჰამბურგის უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია და 2011 წლის 1 ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში. 2011 წლის დეკემბრიდან, როდესაც ფუძნდებოდა „ქართული ოცნება“, აქტიურად ვიყავი ამ საქმიაობაში ჩართული. 2012 წლის სექტემბერში იმ აქციაზე ვიყავი მეც [პროტესტი ციხის კადრების გამო]. ვხელმძღვანელობდი „ქართული ოცნების“ ტრენინგ ცენტრს, რომელიც ამზადებდა ჩვენს დამკვირვებლებს გაყალბების მეთოდების საწინააღმდეგოგდ. თქვენ რომ არ გახსოვართ, არც მე არ მახსოვხართ. დანარჩენ 9 წელს რაც შეეხება, 2005 წლიდან 2011 წლის 1 ნოემბრამდე ვიყავი გერმანიის ფედერაციულ რესპულიკაში. რა გინდათ, განათლება არ უნდა მიმეღო? აღარ მესწავლა თუ რას მეუბნებით?“ — განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის დროს ცდილობდა საქართველოში დაბრუნებას, რადგამ მცირეწლოვანი შვილი აქ ჰყავდა, თუმცა ფრენების არარსებობის გამო ეს ვერ მოახერხა და საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებდა რუსეთის აგრესიას.