ახალი ამბები

ველით [მელიასგან] დავალებას, მზად ვართ ბოიკოტისთვის თუ მანდატის დატოვებისთვის – ხაბეიშვილი

15 დეკემბერი, 2022 •
ველით [მელიასგან] დავალებას, მზად ვართ ბოიკოტისთვის თუ მანდატის დატოვებისთვის – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი თანაპარტიელები მზად არიან, მიიღონ პარლამენტის ბოიკოტირების თუ დეპუტატების მანდატების დატოვების გადაწყვეტილება და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„მე რომ არ მომწონდა ნოემბერში, რომ საჭირო მოძრაობას ვერ ვხედავდი [პარტიაში], ამიტომაც ვთქვით, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა პოლიტსაბჭომ მიიღო სხვა გადაწყვეიტლება,  28-29 იანვრამდე პარტიას ჯერ კიდევ ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენ ვინმეს ხელს კი არ შევუშლით, მეტიც, დაველოდებით მისი მხრიდან კონკრეტულ დავალებას, გადაწყვეტილებას და მზად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განუცხადა ხაბეიშვილმა 15 დეკემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“.

ამასთან, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას შედეგი უნდა ჰქონდეს:

„სპეკულაციები, რომ ვინმემ დატოვოს მანდატი, პარლამენტი… ჩემო ძვირფასებო, ეს მანდატი რომ უზრუნველყოფდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცლეს, ცხადია, საუბარიც არ იქნებოდა ამაზე. მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინდა 2-დღიანი ნიუსისთვის გავაკეთოთ რამე? გვინდა, რომ, მაგალითად, ერთპარტიული დარჩეს პარლამენტი, რასაც ექნება შინაარსი“, – განუცხადა ხაბეიშვილმა „მთავარ არხს“.

ხაბეიშვილის განცხადებით, როდესაც ცალკეულმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს, ამის გამო ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს პრობლემა არ შექმნიათ და „თითო-ოროლა ადამიანის ან ენმ-ის დატოვება პარლამენტში არაფერ პრობლემას შექმნის“.

ხაბეიშვილმა ასევე თქვა, რომ პირადადაც შეეცდება, რომ არა მხოლოდ თანაპარტიელები, არამედ სხვა კოლეგებიც დაარწმუნოს, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ერთპარტიული.

„ამას უნდა ახლდეს მობილიზება, ბრძოლა და მოქმედება… მიშა, უნდა გამაგრდე, არ ვაპირებთ დანებებას, ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. ჯერ კიდევ არ გვაქვს მოქმედების ფართო შესაძლებლობა. თუმცა მზად ვართ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავყვეთ. მან უნდა უზრუნველყოს მოქმედებაც, რესურსების მობილიზებაც, ბრძოლაც და ჩვენ მზად ვართ, ხელიხელჩაკიდებულებმა ვიბრძოლოთ მიშასთვისაც, ჩვენი ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში მივიდა, რათა თანაპარტიელი პარლამენტარი, ანა წითლიძე, – რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, – ამ ნაბიჯის გადადგმისგან გადაერწმუნებინა:

„მართლა ვცდილობდი, ანი გადამერწმუნებინა – არ მინდა მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე. შიმშილობის აქტი არის პროტესტის უკიდურესი ფორმა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის ანა წითლიძემ, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დღეს შიმშილობა გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გაავრცელა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები.

პენიტენციური სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

კადრების გამოქვეყნებამდე იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ „თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდებოდა სიმულაციური ქმედებები, კადრები გასაჯაროვდებოდა“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ „პატიმრის ნებართვის გარეშე პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული“.

მისი თანაპარტიელების განცხადებითვე, ამ კადრებშიც ჩანს, რამდენადაა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელიამ წინა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში დარჩენა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხელისუფების გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი