ახალი ამბები

პარლამენტში დარჩენა იმის მიხედვით უნდა გადაწყდეს, [სააკაშვილს] სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ თუ არა – მელია

14 დეკემბერი, 2022 • 344
პარლამენტში დარჩენა იმის მიხედვით უნდა გადაწყდეს, [სააკაშვილს] სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ თუ არა – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში დარჩენა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხელისუფების გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მიიღონ.

ნიკა მელიამ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ქვეყნის ამოცანა ამჟამად არის „მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, – ყველას [ამოცანაა], იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ოპოზიციური პარტიების ან თუნდაც „ქართული ოცნების“, თუ დარჩა ასეთი, გააზრებული ამომრჩეველი, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა არის მნიშვნელოვანი“.

მელიას განცხადებითვე, სააკაშვილის სასამართლო პროცესები გასცდა „მხოლოდ ერთი პირის პრობლემის ფარგლებს და ყველას პრობლემაა“. შემდეგ მან გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და განაცხადა:

„რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს – ისევე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა დააზიანა სახელმწიფო მიზანმიმართულად მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იგივეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იგივეს აკეთებს „ქართული ოცნების“ ის დეპუტაცია, რომელიც სააკაშვილს უსურვებს სიკვდილს პარლამენტში ისე, რომ არც კი რცხვენიათ“.

„მე მიმაჩნია, ალბათ, დეპუტატებმა ოპოზიციიდან პარლამენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ  გაჩერება-არგაჩერების გარშემო იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს თუ არა…”

დამაზუსტებელ კითხვაზე, უნდა გამოვიდნენ თუ არა ოპოზიციონერები პარლამენტიდან, დამატებითი განმარტება არ გააკეთა.

მელიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა: „ჯანმრთელი ადამიანიც იძინებს ხშირად და, სამწუხაროდ, ვერ იღვიძებს. არის ასეთი შემთხვევები სხვადასხვა მიზეზის გამო. და როცა ამდენი დაავადება აქვს და დასკვნა დასკვნაზე იდება და შენ ამ დროს ამბობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაცა გამოიკვლიო, ეს ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, გინდა, ადამიანი დარჩეს უუნარო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.