ახალი ამბები

შალვა თადუმაძემ სასამართლოს თავმჯდომარეზე 6-ჯერ ნაკლები საქმე განიხილა – საია-ს სტატისტიკა

16 დეკემბერი, 2022 • 667
შალვა თადუმაძემ სასამართლოს თავმჯდომარეზე 6-ჯერ ნაკლები საქმე განიხილა – საია-ს სტატისტიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მეირ განხილული საქმეების სტატისტიკას ავრცელებს.

ორგანიზანიციის თქმით, სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეს საკუთარ მოადგილეებზე გაცილებით მეტი საქმე აქვს განხილული:

„საია უკვე წლებია ადვოკატირებს, რომ მოსამართლეთა შორის იერარქიის კიბის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს მოადგილის თანამდებობა. გარდა ამისა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში გაწერილი არ არის, რა უფლებამოსილებები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ისეთი, რაც მას ხელს უშლის, სრული დატვირთვით შეძლოს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შალვა თადუმაძე, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქმიანობდა, პარლამენტმა უვადო მოსამართლედ 2019 წელს დანიშნა, ამავე წლის ბოლოს კი თადუმაძე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. თადუმაძის უზენაეს სასამართლოში დანიშვნა ნეგატიურად შეაფასეს სასამართლო სისტემაზე მომუშვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორი 2018 წლის 16 ივლისს გახდა. მანამდე, 2011–2012 წლებში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა.

გიორგი მიქაუტაძე კი 2017 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის დეკემბერში გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა. 2020 წლის ოქტომბრიდან გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა, რის გამოც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა დატოვა. სასამართლო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის შეფასებით, გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი გავლენიანი პირია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც ე.წ. კლანად მოიხსენიებენ. თავად ეს მოსამართლეები “კლანზე” ბრალდებებს უარყოფენ.

რაც შეეხება ნინო ქადაგიძეს, 2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე ქადაგიძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლის დეკემბრიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა. 2020 წლის მარტიდან ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით აირჩიეს. 2020 წლის ოქტომბრიდან ასევე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

„ნეტგაზეთი“ საქართველოს უზენაესი სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით, თუ რას უკავშირდება დასრულებულ საქმეთა განხილვის მაჩვენებლებში ამგვარი სხვაობა მოსამართლეებს შორის.  სასამართლოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი