ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ОДКБ-ს კრიზისი სომხეთში

30 ნოემბერი, 2022 • 1659
ОДКБ-ს კრიზისი სომხეთში

ავტორი: კონსტანტინე ღაზარიანი


სომხეთში გამართულმა ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] შეხვედრამ, ერთი მხრივ, ორგანიზაციის ლეგიტიმურობის ღრმა კრიზისი წარმოაჩინა, მეორე მხრივ კი,  რეგიონში რუსული გავლენების დასუსტება. ერევნის სამიტმა ორგანიზაციის ფიასკო რამდენიმე მიმართულებით აჩვენა. ОДКБ-ს არ აქვს მოქმედი მექანიზმები, რომელთაც ის წევრ ქვეყანას შეთავაზებდა. ОДКБ-ს წინადადება დახმარების შესახებ, რომელზეც ერევანმა უარი თქვა, სომხეთის პოზიციას არ ითვალისწინებდა. ОДКБ-ს მხრიდან ნებისმიერი შეთავაზება დახმარებასთან დაკავშირებით 13 სექტემბერს მომხდარი აგრესიის შესახებ უბრალოდ ფიქციაა მკაფიო პოლიტიკური განცხადებების გარეშე.

აქამდე არც რუსეთს და არც ОДКБ-ს კომენტარი არ გაუკეთებიათ სომხეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებზე. იმის მიუხედავად, რომ სომხეთსა და მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცია, რუსეთი ვერ და არ ასახელებს 13 სექტემბრის აგრესორს. დახმარების ნებისმიერი შეთავაზება, რომელიც არ ითვალისწინებს სომხეთის ადმინისტრაციული საზღვრების აღიარებას, პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებელი იქნება, რადგანაც თუნდაც ადმინისტრაციული საზღვრების აღიარება ნებისმიერი მისიისა და ნებისმიერი ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს. რეალურად, ადმინისტრაციული საზღვრების არაღიარება საშუალებაა ОДКБ-სთვის, პასუხისმგებლობას გაექცეს.

ОДКБ-ს შეთავაზებაზე სომხეთის უარი სიგნალია ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს სიგნალი დასავლეთისთვის და ОДКБ-სთან სამომავლო დისტანცირების, მეორე მხრივ – შეთავაზებაზე უარის მიზეზი ცხადი მექანიზმების არარსებობაა.

გასაგებია, რომ ამ დრომდე პირდაპირი და მკაფიო უარი რუსეთის ინიციატივებზე ОДКБ-ს წრეებში ამ ფორმით არავის უთქვამს. ვიდეოჩანაწერების მიხედვით, საუბრის ტონი ფაშინიანსა და ლუკაშენკოს შორის, რომელმაც რამდენჯერმე უწოდა ალიევს “ერთ-ერთი ჩვენგანი”, უფრო ხისტი გახდა. 

თუმცა რუსეთისგან დისტანცირების ანალოგიური ტენდენციის დანახვა შეიძლება ასევე ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. მეტიც, ტაჯიკეთში შეგვიძლია თვალი ვადევნოთ დემოკრატიზაციის ტალღებს და დასავლეთის მიმართულებით ძლიერ ტენდენციებს.

მსგავსი ღია კრიტიკა და რუსეთისგან დისტანცირება წარმოუდგენელი იყო უკრაინაში ომამდე. დღეს ეს ყველაფერი რეალობაა, რომელიც ორმა მიზეზმა განაპირობა: რუსეთის დასუსტება, ОДКБ-ს მექანიზმების ფაქტიური ჩავარდნა და სხვა მოთამაშეების გამოჩენა, ასევე, ახალი, საინტერესო ალტერნატივები ОДКБ-ს სახელმწიფოებისთვის. 

ОДКБ-ს მანევრირება სომხეთ-აზერბიჯანის კონფლიქტში და ორგანიზაციის უუნარობა, აღებული ვალდებულებები შეასრულოს, ორგანიზაციას ღრმა კრიზისს უქადის, რომელიც მოგვიანებით მის დაშლასაც გამოიწვევს. ОДКБ-ს ადგილს კი დაიკავებს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს მექანიზმები. 

აზერბაიჯანი აგრძელებს ზეწოლას არცახზე და სომხეთზე

ამასობაში აზერბაიჯანი სარგებლობს რეგიონში შექმნილი მდგომარეობით: აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ არიან აქტივისტ-ეკოლოგები, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ კეტავენ ერთადერთ სახმელეთო მარშრუტს სომხეთსა და არცახს შორის. აქციის ოფიციალური მიზეზი ეკოლოგიაზე ზრუნვა და არცახის საბადოებზე მონიტორინგისთვის დაშვებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ იგივე ეკოაქტივისები თითქმის არაფერს ამბობენ აზერბაიჯანში ნავთობსაბადოების ბურღვაზე, რომელსაც იმაზე მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე სომხეთსა და არცახს შორის გზას. 

ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანი იყენებს ნაწილობრივ, აქტივისტებს, ნაწილობრივ, სახელმწიფო ჩინოვნიკებს სამოქალაქო ჩაცმულობით, რათა ფაქტიურად შემოსაზღვროს და ტერორში ამყოფოს არცახის მოსახლეობა და გააძლიეროს ზეწოლა სიუნიქის დერეფანზე. 

საქმე ის არის, რომ 9 ნოემბრის შეთანხმებით, სახმელეთო კავშირი, ანუ კორიდორი სომხეთსა და არცახს შორის ხელშეუხებელია, სიუნიქის დერეფანთან დაკავშირებით კი, რომელმაც უნდა შეაერთოს აზერბიჯანის ორი ნაწილი, მხოლოდ “კომუნიკაციის ხაზების ზოგადი გახსნის” კონტექსტშია ნახსენები. ამ ორი სახმელეთო კავშირის დატოლება არც სამართლებრივად და არ შინაარსობრივად არ არის სწორი.

არ არსებობს ერთიანი, პოლიტიკური დასავლეთი, არსებობს ცალკეული სახელმწიფო ინტერესები სომხეთის მიმართ

სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება. დებატები ხშირად ატარებს დოგმატურ ხასიათს და შორს არის პოლიტიკური რეალობისგან. 

საინტერესოა ის, რომ ორივე მხარე, როგორც რუსული, ასევე პროდასავლური ბანაკი, საუბრობს “კოლექტიურ დასავლეთზე”, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ არგუმენტებს ადგება: მაგალითად, თუ საფრანგეთი იღებს პროსომხურ რეზოლუციას, პროდასავლური ბანაკი ამბობს, რომ დასავლეთმა მიიღო პროსომხური რეზოლუცია. პრორუსული ბანაკიც დასავლეთს ერთიანად მოიაზრებს, როდესაც რომელიმე ქვეყანა, მაგალითად, შვედეთი პროთურქულ გადაწყვეტილებას იღებს [მაგალითად, ქურთების ექსტრადიცია]. ამ შემთხვევეაში, პრორუსული ბანაკი ასევე საუბრობს ერთიან დასავლეთზე და არა შვედეთზე ან ფინეთზე ცალკე. 

ტერმინი “დასავლეთი” აქტიურად გამოიყენება ორივე მხარის მიერ, თუმცა ერთიანი პოლიტიკური დასავლეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნება. დასავლეთის სისტემას მიეკუთვნება აშშ, კანადა, ევროპა, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია. ამ სახელმწიფოებში არ არსებობს ერთი პოლიტიკური ხაზი, მტკიცე საგარეო პოლიტიკა. არსებობს ინდივიდუალური ინტერესები სახელმწიფოების, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. 

კოლექტიურ დასავლეთზე წარმოდგენის გამო, ისეთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, როგორიცაა სომხეთი, საქართველო და მოლდოვა, ვერ აანალიზებენ მკაფიოდ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ცხადია, არც ერთიანი დასავლეთის და არც ერთიანი ევროპული პოზიცია არასოდეს არსებულა სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებთან დაკავშირებით. არ არსებობდა ერთიანი პოზიცია 2008 წლის საქართველოს ომის დროს, ან კოსოვოს აღიარების საკითხში.

ცალკეული სახელმწიფოების პოზიციები კი მხოლოდ ეროვნული ინტერესებით შეგვიძლია ავხსნათ: იტალია, გერმანია, უნგრეთი ტრადიციულად მხარს უჭერენ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს თურქეთთან და ნაწილობრივ აზერბაიჯანთან. ესპანეთი, როგორც წესი, ძირითადად გვევლინება ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად თვითგამორკვევის საკითხების დროს.

მეორე მხრივ, საბერძნეთი, კვიპროსი და საფრანგეთი აშკარა პროსომხურ პოზიციას იკავებენ გეოპოლიტიკური და ისტორიული მიზეზებით. ანალოგიური სიტუაციაა – განსაკუთრებით გეოპოლიტიკის კუთხით- აშშ-თან დაკავშირებით, რომელიც დღეს კავკასიში ახალ მოკავშირეებს ეძებს. 

დასავლეთის განზოგადება ერთ-ერთი დიდი შეცდომაა სომხურ პოლიტიკურ დებატებში: მათი სურვილი, ვინც სომხეთს ევროკავშირში ან NATO-ში ხედავს, აუხდენელია სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი დასავლეთის საგარეო პოლიტიკა. სომხეთი ევროკავშირში მთავარი მოთამაშეებისა და NATO-ში თურქეთის წევრობის გათვალისწინებით ვერასოდეს გახდება ამ ორგანიზაციების წევრი. მეორე მხრივ, ის არგუმენტი, რომ დასავლეთი ჩვენ ვერ გვიშველის, ასევე არასწორია, რადგანაც კოლექტიური დასავლეთი არ არსებობს. სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად ცალკეული სახელმწიფოების გათვალისწინებითაა განსახილველი. მაგალითად, აშშ-თან და საფრანგეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სავსებით შესაძლებელია, სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობა NATO-თან კი- ნაკლებად სავარაუდო. 

აშშ-თან და საფრანგეთთან მსგავსი ალიანსებიც შესაძლებელია, გერმანიასთან, იტალიასთან და ესპანეთთან – ნაკლებად შესაძლებელი. იმის მიუხედავად, რომ სომხეთის დემოკრატიზაცია უთოუდ მნიშვნელოვანია, დემოკრატია და დასავლური ღირებულებები არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ცალკეული დასავლური სახელმწიფოებისთვის. 

გეოპოლიტიკური ინტერესები აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც აშშ-ს აქვს რეგიონში: რუსეთის გავლენის დასუსტების გამო აშშ-ს კავკასიაში დასაყრდენი სჭირდება, როგორც მაგალითად, ეს მოხდა ბალკანეთში 1999 წელს. ამისთვის მას სჭირდება საიმედო პარტნიორები, ვინაიდან თურქეთი ერაყის ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი 2014 წლიდან, არ არის მისი საიმედო პარტნიორი.

სომხეთის პოლიტიკურ კულტურაში პრორუსული დოგმატიზმის ან ევროკავშირის წევრობაზე ოცნების საჭიროება არ დგას, თუმცა არსებობს პოლიტიკური პრაგმატიზმის საჭიროება. 

სომხეთის გადამრჩენელი ნამდვილად არ არის რუსეთი, რომელიც თურქეთს ინტერესებს იზიარებს რიგ საკითხებში, და არც ევროკავშირია გერმანიის ხელმძღვანელობით, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს ყიდულობს. თუმცა არსებობს სერიოზული შესაძლებლობები აშშ-თან, საფრანგეთთან, ინდოეთთან და გარკვეულწილად, ირანთან. 

ევროკავშირთან შასაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების მიღება, ასევე, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია მიშელი-ალიევი-ფაშნიანის მოლაპარაკებათა ფორმატის ფარგლებში. ამავე დროს, გეოპოლიტიკური პარტნიორობა კოლექტიურ ევროკავშირთან, ნაკლებად სავარაუდოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი