ახალი ამბები

ბრეგაძე სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მიზეზებზე საუბრობს

14 დეკემბერი, 2022 • 1253
ბრეგაძე სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მიზეზებზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ 14 დეკემბრის საღამოს მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების მიზანი იყო „საზოგადოების სწორი ინფორმირება“.

„ვერიდებოდით მსგავსი ტიპის ურთიერთობაში შესვლას, ყველანაირ დისკუსიას, ყოველთვის მოვუწოდებდით დაინტერესებულ მხარეს ჯანრთმელობის პოლიტიზებისგან თავშეკავებას, თუმცა ისინი მუდმივ რეჟიმში აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და ყველაზე საშინელება რაც დაიწყო, ეს იყო, როდესაც გვაბრალებდნენ, რომ ამ ადამიანს ვაწამებთ.

ასევე, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტო, რომელიც არის უცხოელი ექსპერტის მიერ გადაღებული. ეს დასკვნა კონფიდენციალურია. ჩნდება კითხვა, საიდან აღმოჩნდა ეს ფოტო ერთ-ერთი მედიის ხელში. ყველაზე ცუდი რაც გავრცელდა, ასევე იყო აუდიოჩანაწერი, სადაც იგი ესაუბრება ერთ-ერთ ექსპერტს წამებაზე.

გარკვეული ძალები ცდილობენ, სახელმწიფოსგან შექმნან მტრის ხატი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო ადამიანს აწამებს და ურღვევს მას სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

გუშინ ვთქვით, რომ თუ ეს დეზინფორმაციული კამპანია არ შეწყდებოდა, გავასაჯაროებდით კადრებს. ამაზე პასუხად რა მივიღეთ. დღეს დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვაწამებთ ამ ადამიანს.

როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას ქვეყნის გარეთ და შიგნით და იმგვარი აღქმის ჩამოყალუბებას, რომ სახელმწიფო მწამებელია, გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ.

სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, გასაჯაროვებულიყო ეს კადრები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

14 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.

გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი