ახალი ამბები

NGO-ები ევროკომისიას რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას სთხოვენ

14 დეკემბერი, 2022 • 792
NGO-ები ევროკომისიას რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას სთხოვენ

არასამთვრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ევროკომისიას სთხოვენ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის გაზრდას.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 23-24 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ხელმომწერების თქმით, ამან მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს.

ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რაც დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე. მათი თქმით, ამით მნიშვნელოვნად დაიძლევა ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სასამართლო დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ელიტურ კორუფციას, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გენდერულ თანასწორობას.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. მათი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადენს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და მიიჩნევენ, რომ მმართველ ძალას სრული პასუხისმგებლობა აკისრია რეკომენდაციების შესრულებაზე:

„ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის შეასრულებს წევრობის სტატუსის მიღებისთვის წინაპირობად წაყენებულ რეკომენდაციებს. მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დიდი მსჯელობის საგანია, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები რეალურად მოუპოვებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რადგან ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან არ ჩანს სათანადო პოლიტიკური ნება და მზაობა, სრულყოფილად შეასრულოს კანდიდატის სტატუსის წინაპირობად წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერების თქმით, მოცემულ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროკომისიის მხრიდან გაიზარდოს რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა, რაც მათ შორის მოითხოვს, ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული რეფორმებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის რეალური პრობლემის წინააღმდეგ მიმართვას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკომისიას თხოვნით მიმართავენ, საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების დაგეგმილი ანგარიშის გარდა, ასევე განიხილოს შუალედური ანგარიშის 2023 წლის მარტისთვის მომზადების შესაძლებლობა:

„ამასთან ერთად, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შუალედური ნიშნულებისა და ვადების შემოტანა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • დემოკრატიის მცველები
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  • სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
  • კავშირი საფარი
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი