ახალი ამბებიკომენტარი

ეს ადამიანები არ განასახიერებენ ევროპას – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

14 დეკემბერი, 2022 •
ეს ადამიანები არ განასახიერებენ ევროპას – კობახიძე ევროპარლამენტარებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, ევროპას არ განასახიერებენ.

მისი თქმით, ევროპარლამენტართა ნაწილი ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას ცდილობს, რითაც პატივს არ სცემენ ერთ-ერთ მთავარ ევროპულ ღირებულებას – სამართლის უზენაესობას.

კობახიძის თქმით, ასეთი ევროპარლამენტარების არსებობა “კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპარლამენტში კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებია”.

“მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ”, – განაცხადა კობახიხემ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის დებატებიც და რეზოლუციაც, რომელიც უნდა მიიღონ, კორუფციის დასტურია.

“ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და მართლმსაჯულებას”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, რომ “ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, გაუფრთხილდნენ და ნუ მიაყენებენ ჩრდილს მის რეპუტაციას”.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ, მის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ, რადგან საქართველოში მისი ჩამოსვლა წაახალისეს.

“ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად მოტივირებული. მათი პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, რომ ერთი მხრივ, სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს და, მეორე მხრივ, მოითხოვონ მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ასეთი ევროპა არ არის ევროპა. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა. ეს ადამიანები, ათი კაცი თუ რამდენიც არის, არ განასახიერებენ არავითარი ფორმით ევროპას, იმიტომ, რომ ევროპა არის ღირებულებები. ჩვენ კი[განვასახიერებთ ევროპას]”, – განაცხადა კობახიძემ.


ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი. აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ, 13 დეკემბერს დებატებიც გაიმართა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი