ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილობა, დაბრუნება, დევნილობა – გალი, 1998

14 დეკემბერი, 2022 • 1508
დევნილობა, დაბრუნება, დევნილობა –  გალი, 1998

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი


გალის საკითხი ქართულ რეალობაში დროდადრო, ფატალური საინფორმაციო სიახლეების გავრცელების შემდეგ, მცირე ხნით აქტიურდება. ძირითადი თემა ეხება გალში მცხოვრებელი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფიზიკური გადაადგილების უფლების შეზღუდვას. მეორე მხრივ, გალელ ქართველთა “აფხაზურ სახელმწიფოში” სხვადასხვა ფორმით ინტეგრაციისა თუ ასიმილაციის საკითხი დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა აფხაზებისთვის. თუმცა, ცოტამ თუ იცის ის უახლესი წარსული, რის გამოც გალი და მისი მოსახლეობა ეთნიკური წმენდის, ორმხრივი იზოლაციის, კრიტიკისა და უგულებელყოფის საგანი გახდა. 1998 წლის მაისის მოვლენების ნიუანსური მიმოხილვის მიზანია აჩვენოს ის წინაპირობები, რომელიც 1992-1993 წლების ომის შემდეგ განსაზღვრავდა გალის მიმართ თბილისისა და სოხუმის პოლიტიკას, რაც, შეიძლება ითქვას, დღემდე არ შეცვლილა.

ნაწილი მეორე


სამშვიდობო ხელშეკრულებები

აფხაზეთის ომის დაწყებიდან საქართველო სამშვიდობო ხელშეკრულებებისა და მოლაპარაკებების კასკადში ჩაერთო (1992, 3 სექტემბერი; 1993, 27 ივლისი, 1994, აპრილი). პროცესში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ აფხაზები, რუსები, ჩრდილეოთ კავკასიელები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ხელშეკრულებების გაფორმებას არ მოჰყვებოდა მათი ადეკვატური შესრულება. ამასთან, რუსეთში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები და ძალაუფლებისთვის ბრძოლა გავლენას ახდენდა “ყურადღების” გარეშე დარჩენილ დაპირისპირებულ მხარეებზე. 

საქართველოსა და კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მყისიერ მიზანს, დასაწყისში, წარმოადგენდა ცეცხლის შეწყვეტა და მხარეების დაშორიშორება, ხოლო პოლიტიკური მიზანი მოიცავდა აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასა და დევნილთა დაბრუნების მექანიზმზე შეთანხმებას. 

1994 წლის 14 მაისს მოსკოვში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების ხელშეკრულება  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ. ის ასევე ცნობილია როგორც 1994 წლის “მოსკოვის შეთანხმება”. შეთანხმების მოწმეები იყვნენ გაეროს, რუსეთის ფედერაციის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის (დღევანდელი ეუთო) დამსწრეები. შეთანხმება აღიარეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რიგით 934-ე რეზოლუციაშიც. მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის და უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ, რომელიც გამიჯნავდა დაპირისპირებულ და შეიარაღებულ მხარეებს. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამშვიდობო ძალები საქართველოში, გაეროს სადამკვირვებლო მისიის დახმარებით, ვალდებული ხდებოდა, მონიტორინგი გაეწია ხელშეკრულების შესრულების პროცესზე.

იმდროინდელი გაზეთი “7 დღე” 1998 წლის მაისის გამოცემაში (N 54(446) გვ.1) წერდა, რომ “ქართველმა პარტიზანებმა გალში დეპუტატები გადაიყვანეს”, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრებმა გალის მოსახლეობას ფქვილი დაურიგეს. “მოქალაქეთა კავშირის” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბეჟან გუნავას თქმით, ეს  იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართველმა პოლიტიკოსებმა შეძლეს აფხაზური მილიციისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევა. “გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, სადაც ქართველი დეპუტატები შევიდნენ, 500-მდე ადგილობრივი მოსახლე შიკრიბა და გამართეს დოღი. სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა. ფიჩორიდან დეპუტატები სოფელ თაგილონში აპირებენ გადასვლას” (გაზეთი  “7 დღე”, N 54(446), 1998:1). დღევანდელი შეფასებით, ქართველი დეპუტატების ეს ნაბიჯი სპონტანური და გაუთვლელი, მეტიც, არაპოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაშინ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობდა და გალში დაბრუნებული დევნილების ნაწილს ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები მწვავედ ედგა.

1998 წლის გალის სამხედრო დაპირისპირებების შესახებ ქართულ და აფხაზურ წყაროებში განსხვავებული ინფორმაციაა, მათ შორის მსხვეპრლისა და შეირაღების შესახებ. ქართული პარტიზანული ჯგუფების მხრიდან შეტაკებების მიზეზებად სახელდება. ადგილობრივი ქართველების მიმართ ფიზიკური ძალადობა, ადამიანების გატაცება და ყაჩაღობა.  ქართული წყაროების თანახმად, 18 მაისს ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა მიიტანეს სოფელ რეფში განლაგბულ აფხაზური მილიციის საგუშაგოზე. 17 აფხაზი მილიციელი მოკლულ იქნა. საპასუხოდ, 20 მაისს დაახლოებით 1,500 აფხაზი ჯარისკაცი საარტილერიო დანადგარებით შევიდა გალის რაიონში. ქართველებმა, რომლებიც მხოლოდ ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებულნი, პოზიციური ბრძოლები გაუმართეს აფხაზებს. შეტაკებები მოხდა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში: ხუმუშკურში, სიდაში, საბერიოსა და ზემო ბარღებში. დაიწვა სახლები და განადგურდა სოფლის მეურნეობა. გალში დაბრუნებული დევნილების ნაწილს ისევ მოუწია სახლის დატოვება. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 მაისის №348 ბრძანებულებით საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტმა გალის რაიონის მოსახლეობის პირველადი დახმარებისათვის გამოყო 30 ტონა ბენზინის საწვავი, 10 ტონა შაქარი, 100 ცალი კარავი და 10 ათასი კონსერვი.

25 მაისს გაგრაში გაიმართა საზავო მოლაპარაკებები  ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. მოლაპარაკებებისას გადაწყდა, რომ 26 მაისს, დილის 6 საათიდან, გალის რაიონში ცეცხლი შეწყდებოდა და ქართული და აფხაზური საჯარისო ფორმირებები ტერიტორიას დატოვებდნენ. მოლაპარაკებაზე ასევე გადაწყდა გალის რაიონში გაეროს დამკვირებლების განთავსების საკითხი.

სამშვიდობო ხელშეკრულებების შინაარსი და მთელი რიგი პუნქტები ჩართულ მხარეებს შორის იმდროინდელი საერთაშორისო და საექსპერტო ანგარიშების მიხედვით ხასიათდება, როგორც “ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციების საგანი”, რაც მათ ქმედებებზეც აისახებოდა.

27 მაისი სოხუმსა და თბილისში

 

1998 წლის 27 მაისს ვლადისლავ არძინბამ გალში და მეზობელ ოჩამჩირის რაიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იმავე დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას არძინბამ ქართველი ლიდერები, მათ შორის აფხაზეთის ე.წ. ემიგრაციაში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, დაადანაშაულა გალში ბრძოლების განზრახ პროვოცირებაში. აპრილში დსთ-ის მოსკოვის სამიტის მიერ აფხაზეთის შესახებ მიღებული რეზოლუცია ითვალისწინებდა ისეთი ორგანოების შექმნას, რომელიც დააჩქარებდა ქართველი დევნილების გალში რეპატრიაციას. არძინბამ გამოთქვა მზადყოფნა ემუშავა მშვიდობისა და შერიგებისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ თბილისთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა დამოკიდებული იქნებოდა “ურთიერთგაგებისა და კომპრომისის სურვილზე”.

ქართველმა კანონმდებლებმა 27 მაისს მიიღეს განცხადება, რომელშიც აფხაზეთი დაადანაშაულეს რეგიონის ქართველი მოსახლეობის მიმართ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიზანმიმართულ პოლიტიკაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ 1994 წლის დასაწყისიდან მოყოლებული აფხაზეთის სამხრეთით, გალის რაიონში დაახლოებით 1500 ქართველი მკვიდრი დაიღუპა და 1000 სახლი დაინგრა. საქართველოს პარლამენტი ადანაშაულებდა აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ხოლო ეუთოსა და გაეროს მოუწოდებდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსთან დაეყენებინათ საკითხი დსთ-ის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტიგენტით ჩანაცვლების შესახებ. 

ცეცხლის შეწყვეტა 26 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე უნდა ამოქმედებულიყო, ხოლო რამდენიმე საათში უნდა მომხდარიყო შეიარაღებული ძალების გაყვანა 12- კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონიდან აფხაზეთსა და დანარჩენი საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს. მაგრამ საომარი მოქმედებები გაგრძელდა იმ დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. თითოეული მხარე ადანაშაულებდა მეორეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ქართული მხარე არ ადასტურებდა კავშირს “ტყის ძმებთან”  და “თეთრ ლეგიონთან”, ამიტომ გაურკვეველია, როგორ აპირებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაკონტროლებას. 27 მაისს აფხაზი სპიკერები აცხადებდნენ, რომ ბოლო ქართველი პარტიზანები განდევნეს აფხაზეთის ტერიტორიიდან. გალი კი 40 000-მდე ადამიანმა კიდევ ერთხელ დატოვა.

შედეგები

ქართული მხარე აქტიურად ადანაშაულებდა დსთ-ის სამშვიდობო წარმომადგენლობას 1998 წლის ომისა და სამხედრო დაპირისპირებისას უმოქმედობაში. ბრალდება ეხებოდა ასევე 1994 წლის მაისის შეთანხმების დარღვევაში რუსი სამშვიდობოების როლს, რომელმაც ვერ უზუნველყო სამხედრო ტექნიკის გალისა და დანარჩენი აფხაზეთის ტერიტორიაზე არმოხვედრა. ამასთან, დაირღვა გალში რეპატრირებული მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები. პარტიზანული ჯგუფები და ქართული მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ასევე, გაეროს უიარაღო დამკვირვებლების მიმართ, რომ  “მათ არაფერი გაუკეთებიათ გარდა იმისა, რომ გადაეღოთ ბრძოლები და შეედგინათ ანგარიშები გაეროს გენერალური მდივნისთვის”. ასევე, ქართულ მხარეს, რომელიც უარყოფდა პარტიზანულ დაჯგუფებეთან კავშირს, 1998 წლის გალის მოვლენების შემდეგ მათი გაუქმების ან განიარაღების საკითხი არ დაუყენებია.

ამ ომის ყველაზე მძიმე შედეგი არის ორივე მხარეს ახალი მსხვერპლი, ქართველების ეთნიკური წმენდა და 40 000-მდე ადამიანის ხელახალი დევნილობა. ამასთან, გალში დევნილების დაბრუნების შემდეგ დაიწვა და განადგურდა აღდგენილი სახლები, გადარჩენილი ინფრასტრუქტურა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუცრუეს იმედი ერთმანეთს და საზოგადოებაში 1992-1993 წლების ომის მეხსიერება ახალი ძალით განახლდა. 

სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება, რომელიც ჩიხში იყო შესული, კიდევ დიდი ხნით გადაიდო და 1998 წლის გალის ომმა დამატებითი კონტექსტი შექმნა კონფლიქტის გასახანგრძლივებლად.

შეჯამება

1998 წლის მაისის გალის მოვლენებმა მინიმუმამდე დაიყვანა ჩიხში შესული კონფლიქტის ფორმალური მოგვარების მწირი შანსები. თბილისი სპონტანურად და არადიპლომატიურად მოქმედებდა, ხოლო  გალში დაბრუნებული დევნილებისთვის პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩამორთმევა მათი მხრიდან შიშით მოტივირებულ პოლიტიკას განასახიერებდა. ორივე მხარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ფორმალურად ესწრებოდა და სამხედრო პროცესების განახლების გზით ხელს უშლიდნენ სიტუაციის დარეგულირების პროცესს. 

ექვსდღიანი ომის წინაპირობები და იმპულსები საქართველოს და აფხაზეთის ახალი ხელისუფლებებისთვის შიდა პოლიტიკის გავლენითაც იყო განპირობებული. შევარდნაძეც და არძინბაც არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ იყვნენ არჩეული. ამას თან ერთვოდა ეკონომიკური კრიზისი. ქართულ მხარეს, დევნილების დიდი რაოდენობის თავმოყრა ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, ზრდიდა საზოგადოებრივ უკმაყოფილებასა და ელექტორალურ საფრთხეს უქმნიდა ხელისუფლებას, ისევე როგორც აფხაზეთში უქმნიდა საფრთხეს არძინბას რეჟიმს დევნილებისთვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება. ამ ორ მხარეს შორის მოქცეული 40 000 გალიდან დევნილი მოსახლეობა უსამართლობის ჯაჭვში მოექცა.

1998 წლის გალის ომის ნამდვილ მიზეზებზე საუბარი დღეს ამ პროცესის ქართველი მონაწილეების ნაწილს არ სურს, თუმცა ოფიციალური ნარატივით მათ სამშობლოს გათავისუფლება სურდათ. გალის ექვსდღიან ომზე ზეპირ საუბრებში დევნილები ხშირად ომის ნაცვლად ძარცვას და დაყაჩაღებას უფრო ახსენებენ, თუმცა ვინ აყაჩაღებდათ, ამაზე საუბარი არც მათ სურთ. იმის გამო, რომ აფხაზეთში საკომუნიკაციო ენა რუსული იყო ამ პერიოდში, ხშირად, მოსახლეობა ვერ არჩევდა სამხედრო პირების ეთნიკურ და ეროვნულ მიკუთვნებულობას. “რას გაიგებ, ვინ იყვნენ, ყველა რუსულად საუბრობდა”, “ჩვენ ეს ვინც გაგვიკეთა, ჩვენი ცოდვით ვერ გაიხაროს” –  ამბობენ 1998 წელს სოფელ ორსანტიასა და ოტობაიაში გადაღებულ ვიდეოში გალის რაიონის მცხოვრებლები.


ნაწილი პირველი

დევნილობა, დაბრუნება, დევნილობა – გალი, 1998


მასალების გადაბეჭდვის წესი